მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო: ზურაბ ცერცვაძე
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.
თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები ყოველდღიურად იმართება. უკვე ერთ კვირაზე მეტია აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, სალომე ასათიანმა. მისი შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს ხელახალი არჩევნებია.
„ფორმალურად უნდა ვთქვათ ხოლმე რადიო „თავისუფლების“ წარმომადგენლებმა, რომ დღეს აქ მე ვარ, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსის რანგში წარმოდგენილი, ეს არ არის ჩემი მედიაორგანიზაციის აზრი, როგორც ასეთი, მაგრამ მგონია, რომ დღეს ისეთ ვითარებაში ვართ როცა აზრი და სხვადასხვა პოზიცია და შეფასება და ანალიზიც უკვე აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ასეთ ცხადად და ასე განცხადებულად სახელმწიფო, თვითონ, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე გვაჩვენებდეს რომ ის არის გადაქცეული რეპრესიულ აპარატებად, რომლებიც უპირისპირდებიან თავიანთ მოქალაქეებს, მე არ მახსენდება, ალბათ, რამდენიმე პრეცედენტი არსებობს მე-20 საუკუნეში ძალიან მძიმე, ევროპის ისტორიაში.
ეს არის აბსოლუტურად ღია, აწყვეტილი ძალადობა მოქალაქეების ძალიან დიდ კოლექტიურ სხეულზე, რომელიც ჯიუტად დგას და ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით ითხოვს მოსმენას, ითხოვს ევროპულ მომავალს.
მე მგონი ეს კონფლიქტი უკვე გასცდა ევროპასთან და რუსეთთან დაპირისპირებასაც, ეშინია უბრალოდ იმ ავტორიტარიზმის და უკვე ვიტყოდი დიქტატურისაც, რომელიც კარს მომდგარი კი არ არის, ჩვენ თვალწინ ფორმდება – აი, ახლა, აქ და ამჟამად ყოველ წამიერად…
ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ სხვათა შორის, წინა ხელისუფლების მთელი აი, ამ ციკლით… მეც ვიზიარებ იმას რომ საქართველოში ბელორუსი და რუსეთი მარტივად არ გამოვა, სადაც მეტ ნაკლებად დაკონსერვდა საბჭოთა კავშირი, ჩვენ ვნახეთ ეს იმედები, დემოკრატიზაცია, სიახლისკენ სწრაფვა და ვნახეთ ამ იმედების გადასხვაფერება და ავტორიტარიზმად გადაქცევა და ბოლოს უკვე პოლიციურ სახელმწიფოდ, ამასთან შეჯახებაც ვნახეთ, ეს დიდი გამოცდილებაა, გასაგებია რომ იქ მართლა ძალიან პატარა ახალგაზრდები და თინეიჯერები დგანან, მაგრამ ეს ხომ კულტურულ მახსოვრობაში ილექება. აი, ნახეთ რა მოხდა – ეს ხომ შემთხვევით არ ხდება რომ აი, შავნიღბიანი, რაღაც გაუგებარი ადამიანები, რომლებიც სცემენ თავპირს ამტვრევენ ჩვენ თანამოქალაქეებს და პოლიცია აი, ისეთ მართლა რაღაცა დაძაბუნებულ მდგომარეობაში დგას და რისი იმედი უნდა გქონდეს? ეს ხომ ახლა არ დაწყებულა? ადრეც ვხედავთ, წინა ხელისუფლების შექმნილია მე მგონი ივანიშვილის დაფინანსებით, ეს არის ჩვენი უბედურება, ამ საოცარი, სამოქალაქო შეგნების მქონე მოსახლეობის, რომელმაც ვერა და ვერ მოიშორა ეს საპოლიციო ტერორი და მოგვიბრუნდა…
აქვს აქციას მოთხოვნები, ეს არის ხელახალი არჩევნები… რა შხამიც არ უნდა ენთხიათ, როგორი დეჰუმანიზაცია არ ეწარმოებინათ ამ ახალგაზრდების, რომ ესენი აგენტები არიან, ქვეყნის მტრები, თუ ეკლესიის, მე არ მგონია, რომ თუნდაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში, ბევრს მოსწონდეს ის, რაც ხდება, თუ ამას უყურებენ“
Salome Asatiani-ს დღევანდელი გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ⤵️ საპროტესტო აქციების და ჩვენი პოლიტიკური ვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, რაც ბოლო დროს მოვისმინეთ.
Posted by Nata Asatiani on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024