LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ისტორიული ფაქტი, პოეზია, არქეოლოგია, ემოციები, ყველაფერი ერთად… მკითხველი ძალიან კმაყოფილი დარჩება, რადგან სიყვარულის თემა მარადიული, ყველასთვის ახლობელი და გასაგებია – ანა ალავერდაშვილი და მარინა თექთუმანიძე წიგნის „ზევახ, სიცოცხლეო ჩემო“ შესახებ

400
არტ-FM

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „ანა ალავერდაშვილის ფონდის“ დამფუძნებელი – ანა ალავერდაშვილი და პოეტი, ჟურნალისტი – მარინა თექთუმანიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც წიგნზე „ზევახ, სიცოცხლეო ჩემო“ ისაუბრეს.

ანა ალავერდაშვილი: წიგნი „ზევახ, სიცოცხლეო ჩემო“ უკავშირდება საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას, სადაც მნიშვნელოვან საგანძურში აღმოჩენილი იყო ქალის ქამრის გემა, თავისი საინტერესო წარწერით – „ზევახ, სიცოცხლე ჩემი“. შეიძლება, იმ საგანძურში თავისი ისტორიული ღირებულებითი მნიშვნელობით სხვა აღმოჩენები ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმდენად ემოციური იყო ეს წარწერა, რომ 85 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს აღმოჩენა თავის აქტუალობას არ კარგავს, როგორც მწერლებისთვის, ისე მხატვრებისთვის. სწორედ ეს არტეფაქტი გახდა საფუძველი და მოტივაცია იმის, რომ ქალბატონმა მარინამ, ცნობილმა პოეტმა შექმნა ეს ლექსი, რომელიც ჩვენმა ფონდმა 6 ენაზე წარმოადგინა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი, ეს არის პოეზია, არქეოლოგია, ემოციები, ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად და არის უაღრესად საინტერესო გამოცემა, რომელშიც მოთავსებულია ეს ლექსი.

განსაკუთრებული, რაც ამ წიგნს ახასიათებს, არის ის, რომ ეს არის ჩვენი გამომცემლობის პირველი წიგნი და იგი ეხება სიყვარულს, რადგან ჩვენი კონცეფცია იყო ასეთი – „სიყვარული არის მარადიული ღირებულება და იგი გასაგებია საუკუნეების შემდეგაც“.

ამ ლექსზე შეიქმნა სიმღერაც. ქალბატონმა ლალი ბურდულმა და მისმა იტალიელმა მეუღლემ, რომლებიც ძალიან დიდ მოღვაწეობას ეწევიან იტალიაში, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისთვის, გვაჩუქეს ეს სიმღერა.

წიგნი არის ინტერაქტიული, ძალიან საინტერესო კონცეფციით. მისი გამოწერა შეუძლია ნებისმიერ მკითხველს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ეს წიგნი განთავსებულია საიტზე annaglobal.ge და 7 ლარი ღირს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გექნებათ საშუალება, რომ წიგნი მიიღოთ. შემოსული თანხა ფონდში ირიცხება და შემოსავალი ქალთა და ბავშვთა საჭირო და მნიშვნელოვან პროექტებს და გამომცემლობის განვითარებას მოხმარდება. ვფიქრობ, მკითხველი ძალიან კმაყოფილი დარჩება, რადგან სიყვარულის თემა მარადიული, ყველასთვის ახლობელი და გასაგებია, საუკუნეების შემდეგაც. ქალბატონი მარინას ამ ლექსმა უკვე მოიპოვა დიდი პოპულარობა და დიდი სიყვარულით სარგებლობს.

რადგან სიყვარული მარადიულია და ის არ ცნობს სივრცეს, ის ყველასთვის მისაღებია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წიგნი, ეს ლექსი საინტერესო აღმოჩნდება არამარტო ქართველი მკითხველისთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მკითხველისათვის.

მარინა თექთუმანიძე: ეს ლექსი ქალბატონ ანა ალავერდაშვილს ეძღვნება, რადგან ერთ დღესაც, ანა მირეკავს და მეუბნება – „მარინა, დაწერე ზევახზე ლექსი“, მე ცოტა შევიცხადე, რადგან რამდენიმე ავტორს უკვე აქვს მშვენიერი, კარგი ლექსი, თორემ როგორ შეიძლება, რომ ამ ამბავმა არ აგაღელვოს… ასე დაიბადა ეს ლექსი.

აღნიშნული გემა გვიან ანტიკურ პერიოდს ეკუთვნის. სიყვარული არასდროს ქრება, სიყვარული მარადიულია და კონკრეტულ პიროვნებებს, ვისაც ასეთი ძალიან დიდი სიყვარული აკავშირებდათ, მათ დრო და საუკუნეები ვერ ერევათ. არ შეიძლება, ადამიანი გულგრილი დარჩეს… მთელი ერთი ლექსია – „ზევახ, სიცოცხლე ჩემო“, სულ რომ არავის არაფერი დაგვეწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g