LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კატასტროფული შედეგი, ბოლო 15 წლის მინიმუმზეა ინვესტიციები” – რამ გამოიწვია ინვესტიციების რეკორდული შემცირება: გიორგი კეპულაძე “ბიზნესკურიერის” ეთერში

28
20190415221932

2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 617 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 53%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებზე.

რამ გამოიწვია ინვესტიციების რეკორდული კლება-აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ “საზოგადოება და ბანკების” პრეზიდენტმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.

გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, რომ ინვესტიციების შემცირება გარდა პანდემიის უარყოფითი გავლენისა, მთელ რიგ მიზეზებთანაა დაკავშირებული.

„ეს არის კატასტროფული შედეგი რაც ჩვენ მივიღეთ 2020 წელს, ბოლო 15 წლის მინიმუმზეა ინვესტიციები, ასეთი ვარდნა არ ყოფილა 2008 წლის ომის შემდეგაც კი.

სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ პანდემიის შედეგი, ჩვენ ეტაპობრივად მივდიოდით ამ შემცირებისკენ, რაც ძირითადად გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით.

საქართველო აღარ არის მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც უნდა იყოს გარანტორი უცხოური ინვესტიციების დაცვის და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტი ჩავარდა, მაგალითად ანაკლიის პროექტი.

ამასთან სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვა ავუკრძალეთ უცხოელ მოქალაქეებს, სავიზო რეგულაციები შემოვიღეთ და ზოგადად, გარემო იყო ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიური უცხოელი ინვესტორების მიმართ. ასევე ხშირია მსხვილი, თუნდაც მცირე ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლები და ეს ყველაფერი მოქმედებს.

ერთადერთი ამ ეტაპზე რაც შეიძლება საქართველომ გაყიდოს არის ის, რომ აქ არის დემოკრატია და რომ იქნება დაცული უცხოური ინვერსტიციები და ამასთან ის, რომ შევთავაზოთ ინვესტორებს კარგი ბიზნესგარემო.

კარგი ბიზნესგარემო არ გულისხმობს მხოლოდ საჯარო რეესტრში ადვილად დარეგისტრირებას, კარგი ბიზნესგარემო შედგება დამოუკიდებელი სასამართლოსგან, სწორი თამაშის წესებისგან და რაც მთავარია ესაა განჭვრეტადი მომავალი, გარკვეულობა სჭირდებათ უცხოელ ინვესტორებს. მათ, სამწუხაროდ, არ აქვთ იმედი სტაბილურობის, იმის რომ საქართველოში სიტუაცია არ შეიცვლება რადიკალურად, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით და თავისთავად, ეს პოლიტიკური კრიზისი გავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ამიტომ არ გამკვირვებია რომ შემცირდა ინვესტიციები, თუმცა ასეთ კატასტროფულ ვარდნებს, თუნდაც ამ პირობებშიც არ ველოდი.

გიორგი კეპულაძის შეფასებით, პირველ რიგში აუციელებლია, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, აუცილებელია ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებლად გულისხმობს დემოკრატიულ რეფორმებს და “სასამართლოს გათავისუფლებას კლანური მმართველობისგან.”

„თუ ჩვენ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ძალიან გაგვიჭირდება ინვესტიციების ზრდა, ჩვენ წლიურად გვჭირდება, 2-დან 3 მილიარდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შარშან კი, 600 მილიონზე ოდნავ მეტი დაფიქსირდა, ისიც რეინვესტირება იყო 90%.

ასევე მნიშვნელოვანია მსჯელობა გადასახადების შემცირებაზე, ზოგადად თამაშის წესების შეცვლა.“-აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 2020 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო ნიდერლნდები და თურქეთი.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში, სამთომომპოვებელ მრეწველობაში და უძრავ ქონებაში.

ინვესტიციები ყველაზე მეტად სასტუმროებში და რესტორნებში შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g