“ტექნიკური გაუმართაობაა თუ ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, ამას შესაბამისი პასუხები გაეცემა”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში “ფაიზერის” ვაქცინის სარეგისტრაციო პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით განაცხდა.
ის უჩვეულო დამთხვევას უწოდებს „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყების დროს მომხდარ კიბერშეტევას.
„ბევრი უცნაური დამთხვევაა. როდესაც „სინოფარმის“ რეგისტრაცია მზადდებოდა, ამას დაემთხვა კიბერშეტევაც. როდესაც „ფაიზერზე“ ვაქციანაცია უნდა დაწეყებულიყო 15:00 საათზე, საიტი გაჩერდა, ვეღარ მოახერხა ამ დაწოლის გატარება მაშინ, როდესაც მისი ტესტირება და გამართულობა შემოწმებული იყო მანამდე. ჩვენ იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ საიტი კიდევ ვერ გაატარებდა მომხმარებლის იმ რაოდენობას, რომელიც იყო მოსალოდნელი, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია.
ტექნიკური ნაწილიც არის გასამართი. როდესაც აღმოიფხვრება ყველა ტექნიკური პრობლემა, იმედია მოიხსნება ეს შეკითხვებიც, კიდევ კიბერშეტევისგან დაცვის გაძლიერებაც საჭიროა. დღეს ესეც არის დღის წესრიგში, რომელიც მნიშვნელოვანია სამომავლოდ. ერთი რამ, რაც ზუსტად მინდა ვთქვა და მოსახლეობისთვისაც მსურს ეს ნათელი იყოს: ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბევრი სამთავრობო უწყებაა ჩართული, რომ პროცესი იყოს თავიდან ბოლომდე გამართული, არ დაუშვებს არანაირი დესტრუქციას და კიდეც სხვა რაღაც ქმედების ფასად იმას, რომ ვაქცინაციის პროგრამას საფრთხე შეექმნას და ჩვენ ვერ გამოვიყენოთ ვაქცინაცია, როგორც მთავარი იარაღი პანდემიიასთან საბრძოლველად“, – თქვა გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროსაც იგივე შეკითხვა აქვს, “ტექნიკურად რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფია ჩართული ტექნიკურ უზრუნველყოფაში – შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი”,-განაცხადა გაბუნიამ.
