LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ქვეყანას, რომლის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტს“ – გიორგი ხანიშვილი

12
xaniSvili

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ექსპორტი საქართველოდან გაიზარდა.

2021 წლის მარტში დაახლოებით 326 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30,6%–ით მეტია.

მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა.

მაგალითად ჩირის ექსპორტი 58.7%-აა გაზრდილი.

ამასთან, 2020 წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდისა და კარტოფილის, ბოსტნეულის წარმოებაც გაიზარდა, გაზრდილია ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 4%-ით.

„უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის მოლოდინი გამართლდა.

აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ შევძელით განვლილი პერიოდის მანძილზე 12 ჰექტრამდე გავზარდეთ ფართობი ვაზის სხვადასხვა ჯიშებისთვის, ამავე პერიოდში ჩვენ დავასრულეთ 240-ზე მეტი საწარმო, იგულისხმება შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმო და თითქმის 1000-მდე გაჩერებული საწარმოს რეალიზაცია მოხდა, ამუშავდნენ ეს საწარმოები. ყოველივე ამან მოგვცა შედეგი, რომ ჩვენ მივიღეთ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების წინაპირობები და შემდგომ უკვე 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად მონაცემების ზრდა უკვე დაიწყო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე, ბუნებრივია, ეს არის იმის შედეგი, რომ გაიზარდა წარმოება, წარმოებული პროდუქციიდან ნაწილი იყიდება ბაზარზე, ხოლო მისმა ნაწილმა დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასვლა.

ჩვენ გვაქვს ზრდა ყველა მიმართულებით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ საქართველოს არა მარტო როგორც ექსპორტიორ ქვეყანას, არამედ ქვეყანას, რომლის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტს“-განაცხადა გიორგი ხანიშვილმა „ბიზნესკურიერის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g