“მნიშვნელოვანი ინიციატივა და უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტი” – ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის კონგრესში, კონგრესმენების – კონელისა და კიზინგერის მიერ კვლავ წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ აქტს.
დაინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივასა და მის ძირითად მიმართულებებზე დავით ზალკალიანმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აქტი შესაბამის პროცედურებს გაივლის და მას მიიღებენ:
“ეს არის დადასტურება მხარდაჭერის, უაღრესად მნიშვნელოვანი და ღრმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს.
თავად ის ფაქტი, რომ კონგრესის ახალი შემაგდენლობა კვლავ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს საკითხს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად აქტუალურია როგორც აშშ-ს აღრმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში.” – განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა იმ ძირითად გზავნილებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც დოკუმენტი მოიცავს:
► ხაზგასმული და აღიარებულია ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კარგი პრაქტიკით;
► უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც კონგრესმენები უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს;
► გამოთქვამენ საკუთარ მკაცრ პოზიციას რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით;
► ხაზს უსვამენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ამერიკისთვის ამ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან პრაქტიკულ განზომილებას;
“მასში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. საუბარია სანქციებზე იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არიან მსჯავრდებულები და არის ასევე მინიშნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.
ის ავალებს სახელმწიფო მდივანს, რომ 90 დღის განმავლობაში წრმოადგინოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით გადასადგმელი შემდგომი ნაბჯები.
ცალკეა გამოყოფილი კიბერუსაფრთხეობის კუთხით თანამშრომლობა.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანია აქტუალური მიმართულება – ეკონომიკური თანამშრომლობა და თავისუფალი ვაჭრობის კუთხით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გახსნის შესაძლებლობა.