თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გიორგი ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზეა ბრალდებული. პროცესს ესწრება თავად გიორგი ბაჩიაშვილიც, რომელმაც მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, მან უარყოფითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ „ეს ბრალდებები და ეს პროცესი საერთოდ არალეგიტიმურია“.
პროცესის მიმდინარეობის დროს, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა.
პროკურორის თქმით, აღნიშნული ბიტკოინი 2017 წლის მდგომარეობით 43 მილიონ დოლარამდე შეადგენდა.
პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თავად გიორგი ბაჩიაშვილმაც და თქვა, რომ „ეს არის პროცესი, სადაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც“.
„დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც. ალბათ, უნიკალური პროცესია, სადაც თავად მომჩივანიც არის დასანქცირებული დემოკრატიის უკუქცევისთვის ქვეყანაში, მთავარი პროკურორია დასანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სასამართლოს ხელმძღვანელი პირები დასანქცირებულები არიან კორუფციისთვის. აპოთეოზია, თუ როგორ არ უნდა მოქმედებდეს სამართლებრივი სასამართლო.
რაც შეეხება საქმეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს იმ ფაბრიკაციას და ტყუილებს, რომელსაც ივანიშვილი ტირაჟირებს. რომ არა ივანიშვილის პოლიტიკური სრული ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა პროკურატურასა და სასამართლოზე, ეს საქმე განხილვაშიც კი არ იქნებოდა.
ივანიშვილს ისტერიული შიში ჰქონდა გამოჩენის, ვერ მოდის და სინგაპურის სასამართლოებში მოიგონეს ყველანაირი მიზეზი, რათა რაიმენაირად არ გამოჩენილიყო. ექიმის ცნობები და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა აქაც, არ მოვა, ან დისტანციურად ჩაერთვება, რაღაცას მოიგონებენ, რატომ არ უნდა მოვიდეს. მოსამართლეს რასაც უბრძანებენ იმას გააკეთებს“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას უკავშირდება – პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.