თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ სმენია სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური პირისგან, რომ 2008 წლის ომი წინა ხელისუფლების ბრალია, რომ შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება და თითქოს საქართველო პროვოკაციებს წამოეგო. ჰააგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით ყველა ამ სპეკულაციას წერტილი დაუსვა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომზე დაწყებული საქმე დასრულებულად გამოაცხადა, რომელმაც თქვა, რომ ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას უკვე აცნობა.
ამ დრომდე არაერთი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების, ოპოზიციის თუ ხელისუფლების წარმომადგენლების. ერთი შეხედვით, ამ ფაქტს ყველა საქართველოს გამარჯვებად აფასებს, თუმცა ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რას ფიქრობენ ამაზე დიპლომატები, მოვისმინეთ მათგან განმარტება, რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მანამდე ჯერ თავად გადაწყვეტილებაზე მოგიყვებით.
რა გადაწყვიტა ჰააგის სასამართლომ
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, – წერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი.
განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.
ამასთან კარიმ ხანი განმარტავს, რომ „მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“.
„მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფლის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით, ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავისი მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“, – წერს კარიმ ხანი.
,,რა დროც არ უნდა გავიდეს, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება” - რა ბერკეტები აქვს საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
"აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად შეცვლის საქართველო-რუსეთის და საქართველოში გაყინული კონფლიქტების თემატიკას"
ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (ე.წ. „იზოლატორში“ ),. მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.
პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ, ეს თხოვნა შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა გადაეცეს, „რათა მათ ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილი პირების დაკავებისა და გადმოცემის თხოვნის აღსრულების მიზნით“.
2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციაში ჰააგის გადაწყვეტილება ისტორიულად შეფასდა. მათ თქვეს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ამბავზე სათანადოდ არ რეაგირებს.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად არის ისტორიული და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის. ძალიან დასანანია, რომ ამ ისტორიულ მომენტშიც კი, საქართველოში ძიძგილაობა მიმდინარეობს, ხელისუფლება თავისთვის იჩემებს ამ გადაწყვეტილებას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს დღე მნიშვნელოვანი აღნიშვნის დღე გახდებოდა, სადაც მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება, ოპოზიცია, მთავრობა, ხალხი, მედია, უფლებადამცველები, ყველა ერთად ვიზეიმებდით ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ასეთი ზეიმი არ გვინახავს, არც ხელისუფლების მხრიდან გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ამას აღნიშნავდა, ვნახეთ მხოლოდ კამერებთან დაჩემება ამ გამარჯვების. გამარჯვება არის ქვეყნის და ვისაც ამ გამარჯვების მნიშვნელობა ესმის, მინდა ყველას მივულოცო”, – აცხადებს “ლელოს” წევრი.
თეა წულუკიანი: ჩვენს ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.. სიმართლე დამტკიცებულია
მინისტრის თქმით, მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელზედაც წერია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები რუსებმა აწამეს და მოკლეს და რომ ოკუპაცია მიმდინარეა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია კი მადლობას უხდის მათ, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში.
“უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა..
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილის და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ“, – თქვა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, პირველი, ვინც ამ საკითხს გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე იყო. “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა. ამ საკითხზე პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში მან გააკრიტიკა წინა ხელისუფლება.
“მინდა ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. დიდი ხანი ველოდით, ყველაფრის მიუხედავად: გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ისკანდერის ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან, გვყავდა ხელისუფლება, რომელიც რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს უჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დიდი მცდელობით, დიდი შრომით მოახერხა, რომ მოეპოვებინა გამარჯვება..”
მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი საერთაშორისო სასამართლოში, მოიგო. ეს არის მისალოცი ამბავი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
რა უნდა ქნას ახლა საქართველოს ხელისუფლებამ
“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი გიორგი რუხაძე “ფორტუნასთან” საუბარში დეტალურად ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რას უნდა აკეთებდეს ასეთ დროს მოქმედი ხელისუფლება.
“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა. ანუ გაიმარჯვა საქართველომ და დამარცხდა რუსეთი, გაიმარჯვა თითოეულმა ჯარისკაცმა, მთავარსარდალმა, გაიმარჯვა თითოეულმა მოქალაქემ. ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც სამართლებრივი განზომილება, რითაც დადგინდა, რომ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს და არც მათ ხელმძღვანელობას ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ 2008 წელს, ასევე – პოლიტიკური დატვირთვა. მთელი პროპაგანდა – „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“ არის ტყუილი.
აქ ერთი კითხვაა მნიშვნელოვანი, რა შესაძლებლობები ჩნდება საქართველოსთვის, მით უმეტეს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით.
დღეს რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, უკვე დაწყებული მექნებოდა უდიდესი კამპანია, რომლის მიზანი იქნებოდა 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება. რუსეთის გადმოსახედიდან ეს იყო მშვიდობის იძულების ოპერაცია. ამას მოჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. ეს მართლდებოდა იმით, რომ ეს იქ მცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ჰააგამ ფაქტობრივად, თქვა, რომ იქაურებს არანაირი საფრთხე არ ელოდებოდათ.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქვეყნის გამარჯვება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად, ის ამოცანა, რაც რუსეთს ჰქონდა, დღეს ისევ გრძელდება საქართველოში. მთავარია, ამას დავუპირისპირდეთ და რუსეთს თავისი გეგმის განხორციელების საშუალება არ მივცეთ”, – აცხადებს გიორგი რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი რეგიონის , აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში – ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ , 2018 წელს – სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.