LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის რევოლუციური ცვლილება, რომლითაც საარჩევნო სისტემა ევროპულ ყაიდაზე გადადის – მინიმუამადე მცირდება მანიპულაციის საშუალება: გივი მიქანაძე ელექტრონულ არჩევნებზე

81
გივი მიქანაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დანერგოს.

არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივაზე მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი მიქანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა და განმარტა, რომ „ეს არის რევოლუციური ცვლილება, რომლითაც საარჩევნო სისტემა ევროპულ ყაიდაზე გადადის“. 

გივი მიქანაძის განცხადებით, ელექტრონული საარჩევნო სისტემა მინიმუმამდე ამცირებს ნებისმიერი მანიპულაციის საშუალებას.

„რევოლუციური ცვლილება შეიძლება დავარქვათ ამ საკითხს. ჩვენ გადავდივართ საარჩევნო სისტემის ევროპულ ყაიდაზე, ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომლის პილოტირებაც საქართველოში უკვე რამდენჯერმე ჩატარდა.

შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად მოხდა ამ სისტემის პილოტირება კრწანისის საარჩევნო ოლქში, რის შედეგადაც არჩევნების დამთავრებიდან დაახლოებით, 15-20 წუთში უკვე ვიცოდით შედეგები ამ არჩევნების და მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება სრული სიზუსტით იქნა აღქმული, სპეციალური სათვლელი მანქანების მეშვეობით, ისევე, როგორც ამ ადამიანების აღრიცხულობა პირადობის მოწმობების მეშვეობით, რადგან არ მომხდარიყო შესაძლებლობა და ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა ადგილას ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

ეს ყველაფერი გამორიცხავს ძალიან ბევრ ფაქტორს, მათ შორის: ბათილი ბიულეტენების, კონტექსტიდან გამომდინარე, საეჭვო ბიულეტენებს, სწრაფად იქნება ხმები დათვლილი, ასევე მარკირება არ იქნება საჭირო, რადგან ელექტრონულად მოხდება კონკრეტული ამომრჩევლის დაფიქსირება.  ეს სისტემა მინიმუმამდე ამცირებს ნებისმიერი მანიპულაციის საშუალებას, რომელიც ეგზიტპოლების საჭიროებასაც აღარ გვიჩენს. დროში მინიმუმადე იქნება დაყვანილი პირველადი შედეგების გამოქვეყნება.

ბათუმში წელს მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე, რომელიც საკრებულოში ჩატარდა გამოყენებული იქნა ელექტრონული სისტემა და ძალიან კარგი შეფასება მიეცა ამ სისტემის დანერგვას. რამდენიმე კვირაში სენაკის საკრებულოშიც უნდა გაიმართოს საკრებულოს შუალედური არჩევნები და აღნიშნული სისტემა იქნება გამოყენებული.

ამ სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წელი არის დარჩენილი, რაც იძლევა სრულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მოხდეს მომზადება.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ყველგან აუცილებლად ეს აპარატურა დაინერგება. ჩვენი მიზანია, რომ ამომრჩევლის მინიმუმ 70% იქნეს ამ სისტემის ფარგლებში მოცული, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ამომრჩევლების რაოდენობა მცირეა. იმისთვის, რომ ამ უბნებშიც ელექტრონული სისტემით ხდებოდეს არჩევნების ჩატარება, თითოეული ბიულეტენი, რომელიც დათვლის პროცესში იქნება გამოყენებული, მოხდება მისი დასკანერება და ატვირთვა, რაც ღიაობას და გამჭვირვალობას იძლევა.

ელექტრონული საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც იმ 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს და საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიას ემსახურება.

როდესაც ელექტრონულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული, გაიგზავნება ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში ექსპერტული დასკვნისთვის, რადგან მათ წარმოადგინონ თავიანთი პოზიცია“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

მისივე განმარტებით, ემიგრანტებთან მიმართებით ელექტრონული საარჩევნო სისტემის გამოყენება გამორიცხულია, რადგან არსებობს კიბერშეტევის ან სხვა მანიპულაციის საფრთხე. 

„პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ემიგრანტებთან მიმართებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში გამოიყენება ის სისტემა, რაც დაკავშირებულია საელჩოებსა თუ საკონსულოებში გახსნილი საარჩევნო უბნებში, სადაც მათ ეძლევათ საშუალება გარკვეული ვადით ადრე მოხდეს მათი რეგისტრაცია და ამ რეგისტრაციიდან გამომდინარე მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცენ.

რაც შეეხება, ონლაინ ფორმატში ხმის მიცემის პროცედურას, აღნიშნულზე ჩვენ გვაქვს ცალსახად ჩამოყალიბებული აზრი და ეს არაა მხოლოდ ჩვენი, ეს არის ბევრი წამყვანი ევროპული და მსოფლიო ცივილიზებული სახელმწიფოს პოზიცია, რომ დღესდღეობით ინტერნეტსივრცე ვერ უზრუნველყოფს იმ უსაფრთხოების შესაძლებლობას, რომელიც არ შეიძლება იყოს კიბერშეტევის ან სხვა მანიპულაციის შემცველი. ამ ეტაპზე ემიგრანტების მიერ ონლაინ ხმის მიცემა გამორიცხულია.

ელექტრონული ფორმატი იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან, ხმის მიცემასთან, ხმების დათვლასთან და შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურასთან გამოყენებული, რაც მინდა გითხრათ, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკას წარმოადგენს“, – განმარტა გივი მიქანაძემ.

ინიციატივას ეხმიანებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი უმეტესობა შეთავაზებას დადებითად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ელექტრონული არჩევნები მოქალაქეების ნების კონტროლის და მანიპულაციის პირდაპირი ფორმაა. მათივე განცხადებით, ელექტრონული არჩევნები არ ხსნის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლასა და მოსყიდვის პრობლემებს.

გივი მიქანაძის თქმით, ინიციატივაზე ნეგატიური შეფასებების გაკეთება სრულიად უსაფუძვლო, პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

„დასრულდება ეპოქა, როცა ხმების დასათვლელად დომინოს ქვებს ახრიგინებდნენ“, „ეს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა“ – როგორ აფასებს ოპოზიცია „ოცნების“ ინიციატივას ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე

„ოპოზიციის ნაწილი დადებითად ხვდება ინიციატივას, რაც ქართული ოცნებიდან მომდინარეობს, ისინი რეალისტურად აფასებენ, რომ ეს არის ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ნაბიჯი. ორიენტირებულია ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი მანიპულაცია და კითხვის ნიშანი პრევენციულად გამოვრიცხოთ.

ქალბატონი ანა დოლიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ „ეს მოქალაქეების ნების კონტროლის და მანიპულაციის პირდაპირი ფორმაა“, სრულიად უსაფუძვლო, პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, რადგან ევროპის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში არის ელექტრონული საარჩევნო სისტემა დანერგილი და დადებითი გამოხმაურებები აქვს.

რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, „რომ ელექტრონული არჩევნები არ ხსნის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლასა და მოსყიდვის პრობლემებს“, ამ განცხადებიდან პირველ რიგში ჩანს ის, რომ მას არანაირი კონტრარგუმენტი არ აქვს იმ ინიციატივასთან, რომელიც ელექტრონული სისტემის წამოყენების კუთხით ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა“, – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g