17 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემა „არტ FM“ კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი და რეჟისორი ანდრო ენუქიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მუსიკალურ პოემაზე „ტატო“ ისაუბრეს, რომელიც 8 ივლისს „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“ შედგება. სრულიად განსხვავებული ფორმატის საღამოზე როგორც საოპერო, ასევე საესტრადო და ხალხური მუსიკა გაჟღერდება.
როგორი არის სამზადისი მუსიკალური პოემის „ტატო“, რომელიც 8 ივლისს „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“ შედგება, რამდენი ხანია, რაც ამ პროექტისთვის ემზადებით?
მარიკო კვალიაშვილი: ძალიან რთული იყო, რომ ამ ჩვენს დიდ, სახელოვან პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს შევხებოდი, მაგრამ ეს, ალბათ, უფლის ნება იყო. ყოველთვის მაწუხებდა მისი ბედი, მისი ცხოვრება, ახალგაზრდა ასაკში, ასე უდროოდ, წამებით წასვლა… რატომღაც, ყველაფერ ამის სახალხოდ გაზიარება მომინდა. მინდოდა, ხალხსაც მოესმინა, ენახა ის, რასაც მე განვიცდიდი.
შევუდექი სცენარის წერას და 2 მოქმედებიანი, 12 სურათიანი სპექტაკლი გამოვიდა. მონაწილეობას ძალიან მრავალფეროვანი ჟანრის ადამიანები მიიღებენ, მომღერლები, მოცეკვავეები, ოპერის ცნობილი მომღერლები, ესტრადის ვარსკვლავები. 150 მონაწილეზეა საუბარი. ჩვენს საღამოს დაამშვენებს აფხაზეთის მოცეკვავეთა ანსამბლი. შეიძლება ითქვას, რომ არ დავტოვეთ ჟანრი, რომელიც არ გამოვიყენეთ. აბსოლუტურად ყველა მსახიობი, ყველა მომღერალი, ყველა მოცეკვავე ავიყოლიე, ყველა გვერდით დამიდგა. ყველა ერთად ვაკეთებთ ამ დიდ, ეროვნულ საქმეს. ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ ქართულ სცენაზე ჯერ არ ყოფილა. მაყურებელი ძალიან, ძალიან კმაყოფილი უნდა დარჩეს, რადგან ტატო მარტო ჩვენი არ იყო, ის ყველასი იყო.
ანდრო ენუქიძე: უჩვეულოდ მასშტაბური პროექტია. მასალა იმდენად მსუყეა, რომ ჟანრულად მისი განსაზღვრა, ძალიან რთულია. მაგალითად, მე ასე განვსაზღვრავ, უდიდესი სიამოვნება 2 მოქმედებად. დავდივარ რეპეტიციაზე, ვისმენ და ცოტა პროფესიის ნიშნებსაც ვკარგავ, რადგან კრიტიკული არ ვარ, ყველაფერი მომწონს. საერთოდ, ჭეშმარიტ ხელოვნებას ქმნის პიროვნება და ქალბატონ მარიკოს გული იმდენად დიდია და იმდენად დიდი, ალალი და ნაღდია მისი ოსტატობა, რომ რაღაც ძალიან დიდი განწყობა მოგეფინება გულზე, გონებაზე. უცბად, აღმოაჩენ, რომ თურმე, კეთილი ხარ, თანაგრძნობა შეგიძლია, თურმე, ადამიანი ხარ… წესით, ძალიან საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს. ჩვენმა თბილისმა მადლობა უნდა გადაუხადოს იმ დიდ კაცს, რომელიც სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა და მერე, 47 წლის შემდეგ გადმოვასვენეთ საქართველოში.
რა განსაკუთრებული მიზანი აქვს ამ პროექტს?
მარიკო კვალიაშვილი: მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, ამ დიდი წარსულის დავიწყება. ჩემი მხრიდან, ძალიან გაბედული ნაბიჯია, რომ ასეთი დიდი პიროვნების სცენაზე ასახვა მოვინდომე. 150-მა ადამიანმა ეს პატარა, 29 წლის ახალგაზრდა გავაცოცხლეთ და დავაბრუნეთ საქართველოში. გარდა იმისა, რაც უკვე იყო, მისთვის კიდევ 21 ახალი სიმღერა დაიწერა. პროექტი მთლიანად შეფუთულია იმ დროინდელი ჩაცმულობით, დეკორაციებით, ამას არ აქვს კონცერტის სახე, ეს არის მუსიკალური სპექტაკლი. ძალიან მინდა, რომ კარგი გამოვიდეს ეს ყველაფერი, ყველა ძალიან ცდილობს.
როგორ მოხდა მონაწილეების, პროგრამის, ნომრების შერჩევა?
მარიკო კვალიაშვილი: რაც შეეხებათ მონაწილეებს, ყველა ჰგავს იმ პიროვნებებს, ვინც იმ დროისთვის, ბარათაშვილის ირგვლივ იყვნენ. რომ ნახავთ სცენაზე მონაწილეებს, განცვიფრდებით, თუ ვინ ასრულებენ ამ როლებს.
ანდრო ენუქიძე: ქალბატონმა მარიკომ კიდევ ერთხელ გააცოცხლა ტატოს ბედი, ადამიანის, რომელიც ქართლის ბედზე წერს. მის ბედისწერაზე, მისი ბედისწერის უცნაურობებზე, პრაქტიკულად, ბიოგრაფიულად გამართული თხრობაა, დაბადებიდან სიკვდილამდე და არა მარტო სიკვდილამდე, საუბარია 47 წლის შემდეგ, ტატოს გადმოსვენებაზეც და ჩვენს დროზეც, თუ რანაირად ვახერხებთ ამ ყველაფრის ცნობიერებაში, გულში რუდუნებით ტარებას. ასე რომ, ეს ბიოგრაფიული თხრობაა, არ მინდა, მაყურებელმა ჩათვალოს, რომ მაინც და მაინც ბარათაშვილის ლექსზე ამღერდება ესა თუ ის სიმღერა.
მარიკო კვალიაშვილი: მისი სიკვდილის სცენას თვითონ მსახიობები და მომღერლებიც ვერ უძლებენ გულგრილად, ამიტომ ვფიქრობ, დარბაზი ერთხელ კიდევ გამოიტირებს ტატოს, რომელსაც თავის დროზე, ეს ცრემლი დააკლდა.
ანდრო ენუქიძე: თუმცა, მხიარული მომენტებიც არის… უამრავი საინტერესო რამ აქვს ქალბატონ მარიკოს მოფიქრებული.
მარიკო კვალიაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტმა დღე და ღამე მოსვენება დამიკარგა. საკმაოდ კარგად ნაფიქრი სცენარია. რაც მთავარია, მთელი საღამო ნიკა წულუკიძეს მიჰყავს.
პირველად ვის გაუზიარეთ თქვენი აზრები და პირველი ვინ აგყვათ ამ წამოწყებაში?
მარიკო კვალიაშვილი: ჩემი შვილი.
როგორია სამომავლო გეგმები, ხომ არ გაქვთ სხვა ახალი ნამუშევრებიც?
მარიკო კვალიაშვილი: ჯერჯერობით, არ მინდა, რომ რომელიმე ახალი სიმღერა გავთქვა. სცენიდან, სიურპრიზად ჯობია იყოს ეს ყველაფერი.