LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ერთგვარი სცენაა: რეჟისორიც ხარ და მსახიობიც – მაიკო ჩიტაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამბავი

537
image_123650291

პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობა დღეს საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. წლების წინ ეს ჩვენთან ახალი ხილი იყო და ამ საქმის სპეციალისტები თითქმის არ მოიძებნებოდნენ. ამ დარგში წარმატების მისაღწევად, გარდა კლასიკური განათლებისა, სხვა უნარებიცაა საჭირო – ადამიანებთან ურთიერთობა ხომ ცალკე ხელოვნებაა.

მაიკო ჩიტაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთან პირველ კოჰორტას წარმოადგენს, რომელებმაც ამ მიმართულებით სწავლა საქართველოში ჯერ კიდევ 30 წლის წინ გადაწყვიტეს და ფაქტობრივად დარგის პიონერებიც აღმოჩდნენ.

ჩვენი პროფესია დინამიური და მრავალფეროვანია, ფსიქოლოგიის ცოდნაც საჭიროა და შეფუთვის ხელოვნებაც

„ცოტა უცნაურად მოხდა ჩემი პროფესიის არჩევა. ვერ დავიბრალებ, რომ ზუსტად ვიცოდი რა მელოდა წინ, ან წარმოდგენა მქონდა როგორ საოცარ სამყაროში აღმოვჩნდებოდი. ალბათ, უფრო სიახლემ მიმიზიდა. ეს ფაქტობრივად ქალბატონი მარიკა დარჩიას დამსახურებაა, რომელმაც 30 წლის წინ გარდატეხა მოახდინა იმ დროის ჩაბნელებულ ქალაქში და თბილისის საზოგადოებასთან ერთიერთობის ასოციაციის შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის კათედრაზე Public Relations-ის ფაკულტეტი დაარსა ბატონ ვანო ჭიაურელთან ერთად“,- მადლიერებით იხსენებს მაიკო ჩიტაშვილი.

პროფესიაში შესვლა, თავის დამკვიდრება მარტივი არ აღმოჩნდა არც მაიკოსთვის და არც იმ თაობისთვის, ვინც მაშინ იწყებდა საზოგადოებასთან ერთიერთობის, როგორც მეცნიერების შესწავლას. სწავლის პროცესი კი მხოლოდ თეორია არ ყოფილა და ის პრაქტიკის გარეშე შეუძლებელი იყო. მაშინდელ ლექტორებთან, ქალბატონ მარიკა დარჩიასთან, სხვა პროფესორებთან, ექსპერტებთან ერთად ხდებოდა თეორიის სწავლაც, სახელმძღვანელოების თარგმნაც, პრაქტიკის გავლაც და პიარის პირველი კოჰორტის პროგრამის შედგენაც კი

„ალბათ ყველაზე საინტერესო სწორედ ჩვენი ჯგუფი იყო. ბევრი დარჩა კიდეც პროფესიაში. მახსოვს პირველი გამოცდილებაც. ახლა სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ 18 წლისას სარეკლამო გაზეთი გვქონდა მე, ჩემს დას და ჩვენს მეგობარს, სადაც მაშინდელ კერძო უნივერსიტეტების რეკლამებს ვამზადებდით, ვაქვეყნებდით. მასალებსაც ჩვენ ვწერდით, დამკაბადონებლებიც ჩვენ ვიყავით და რედაქტორებიც. შემდეგ იყო პიარის სასწავლო ცენტრი. მოგვიანებით ორგანიზაცია დავაფუძნეთ მეგობრებთან ერთად და ვცდილობდით ცოდნა, გამოცდილება, ახალი იდეები უკვე სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა“.

არაერთი წარმატებული პროექტისა და განხორციელებული იდეის პარალელურად იყო ორი სასწავლო გრანტი ბერლინის მედიასკოლაში, არაერთი საერთაშორისო მედიატური ევროპასა თუ აზიაში, მრავალი საინტერესო ადამიანი, ათეულობით სემინარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ინოვაციური მიმართულება, რომელიც პიარ სააგენტოში დაინერგა მეგობრებთან ერთად.

„ჩვენი პროფესია საკმაოდ დინამიკური და მრავალწახნაგაა. ერთის მხრივ სოციალური ფსიქოლოგიის, მასების ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და დიპლომატიის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, მეორეს მხრივ კი ერთგვარი ხელოვნებაცაა შეფუთო ისე, როგორი დაკვეთაცაა, ან სამიზნე ჯგუფს სჭირდება. სულ ვამბობ, მე ვერაფერს შევძლებდი ჩემს სფეროში, რომ არა ჩემი გუნდი და მედია-მეთქი, რომელიც ჩემს პროფესიაში რაღაც დოზით წამყვანიც კია“, – დასძენს მაიკო.


ეს ერთგვარი ფილმია: სცენარზეც მუშაობ, რეჟისურაზეც და თუ საჭიროა მსახიობიც ხარ

წლების განმავლობაში პიარ ექსპერტს სხვადასხვა, ზოგჯერ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ თემებზეც უწევს მუშაობა. ჰქონია ბევრი გამოწვევაც, თუმცა დღეს უკვე თამამად ამბობს, რომ გზა, რომელიც აირჩია საინტერესო, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

„მიყვარს ჩემი საქმე. ვიხარჯები. უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ამით. დღეს თუ ერთ თემაზე გიწევს მუშაობა, ხვალ შესაძლოა სრულიად ახალი მიმართულებით გადაგრთოს დამკვეთთან მუშაობამ და ეს უწყვეტი პროცესია, რომ გაიზარდო. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ერთგვარი სცენა და ფილმიც კია, სადაც სცენარზეც შენ გიწევს მუშაობა, რეჟისურაზეც და თუ საჭიროა მსახიობიც კი ხარ“.


ეს ყველაზე სენსიტიური ეტაპი იყო კარიერაში: ამ წარმატებამ თვითშეფასება შემძინა

როგორც აღვნიშნეთ მაიკო წლების განმავლობაში ბევრ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციასთან მუშაობს, ისევე როგორც ადგილობრივ და ბიზნეს კომპანიებთან, თუმცა მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მასწავლებლის მუსტაფა ჩაბუქის ქეისი აღმოჩნდა.

როგორც თავად აღნიშნავს, წლების განმავლობაში თემის გარშემო საჯაროდ საუბარი მისთვის შედარებით დახურული იყო და გარკვეული პერიოდი ისე იმუშავა კულისებიდან.

ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ იმ ლობისტური კამპანიის ფარდის მიღმა სწორედ მაიკო მუშაობდა. პროფესიონალმა თითქმის ერთი წელი ევროპარლამენტარებთან, ევროპარლამენტის ლობისტებთან, კონგრესმენებთან, უფლებადამცველებთან, პედაგოგებთან და მედიასთან ერთად უდიდესი კამპანია აწარმოვა და მიზანსაც სწორედ დეტალურად გათვლილი ნაბიჯებით მიაღწია.

„ალბათ წლები გავა და მაინც ყველაზე სასიამოვნოდ ამ პროექტს გავიხსენებ, როგორ მომიწია თანამოაზრეებთან, თურქ და ქართველ მეგობრებთან ერთად მემუშავა დემირელის კოლეჯის მმართველის განთავისუფლების შემთხვევაზე, რომლის ექსტრადირებასაც თურქული მხარე ითხოვდა. ცოტა ჭადრაკის თამაშს ჰგავდა ეს პროცესი. როდესაც იცი ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს, მაგრამ მისი ყველა სვლა მაინც წინასწარ უნდა გათვალო, თუ რას დაგეგმავს და შენი დაახვედრო. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში უდიდეს მანქანასთან გვიწევდა ბრძოლა, იყო შიშიც, იყო საფრთხეებიც, ემოციებიც, რომელიც ბრძოლისას წამგებიანია. იყო ევროპარლამენტარებთან მუშაობის საოცარი გამოცდილება. ვფიქრობ, მთავარს ყველასთან ერთად მივაღწიე და ჩაბუქი დღეს თავისუფალია და მეუღლესთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ევროპაში.

ბევრი პროექტი მეამაყება, მაგრამ მაშინ ამ წარმატებამ სხვა ემოცია და თვითშეფასება შემძინა. მახსოვს ციხიდან გამოსვლის და საქართველოს დატოვების შემდეგ ჩემმა მეგობარმა მუსტაფამ მომწერა: შვილიშვილებს მოვუყვები, როგორ შეცვალა ძლიერმა ქალმა ჩემი და ჩემი შვილების მომავალიო. ამ ამბის შემდეგ 6 წელიწადი გავიდა, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე სენსიტიური ეტაპი იყო კარიერაში“, – იხსენებს კომუნიკაციების ექსპერტი.

მომწონს ცოდნის გაზიარება და დადგა დრო ენერგია სამეცნიერო მიმართულებას დავუთმო

დღეს მაიკო უკვე თავის ახალ ნაშრომზე აგრძელებს მუშაობას და დიდი სურვილი აქვს ის ცოდნა და გამოცდილება, რაც პროფესიაში დააგროვა უკვე აკადემიური მიმართულება მისცეს.

„20- წელზე მეტია საგანმანათლებლო პროექტებზე მიწევს მუშაობა. თავადაც ძალიან მომწონს ცოდნის გაზიარება. ბოლო ხუთი წელია უფრო მეტად დავინტერესდი ადამიანის ფსიქო-ემოციური უნარების შესწავლით და ვფიქრობ დრო დადგა ცოტა მეტი ენერგია სამეცნიერო მიმართულებასაც დავუთმო“, – ამბობს კომუნიკაციების ექსპერტი.
ამ ეტაპზე იგი ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს და კომპანია „ფაბლისითი ჯგუფს“ უდგას სათავეში, რომელიც 15 წელიწადზე მეტია სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროშია. სულ მალე კომპანია რებრენდინგის შემდეგ განსხვავებულ და სწორედ ინოვაციურ პროდუქტებს შესთავაზებს ქართულ ბაზარს, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც შენარჩუნდება – აქცენტი სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, ინოვაციებსა და ახალ განათლებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g