„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები – ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის“ – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
უმრავლესობის დეპუტატმა აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ძალადობა მიუღებელია და ეს არ არის ენა, რომლითაც მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ.
თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ექიმები დაშავებულს დროულად აღმოუჩენენ დახმარებას და სამსახურები, რასაკვირველია, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
“ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ. სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებული აზრი არის საკითხებზე, გვყავს ისეთი ოპონენტები, ისეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისკუსია, განხილვები, ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები მთლიანად ძალადობრივ სიბრტყეში გადაიტანეს.
ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ექიმები დროულად აღმოუჩენენ დახმარებას და სამსახურები, რასაკვირველია, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები. მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რაც არის მიუღებელი. ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის“ – განაცხადა თალაკვაძემ.
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ძალადობა ვისზეც და რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს – დასაგმობია“:
„ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი… ეს [ზუკა ბერძენიშვილი] კიდევ მეორე მეათეხარისხოვანი მონაწილეა ამ სტრატეგიის.
ეს არის კარგად დაგეგმილი, შეიძლება არც იცის თავად ზუკამ, ან ნებისმიერმა სხვამ, ვინც ამაშია ჩართული. ასეთი უწმაწური გინება და ადამიანებზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც ამ ჯგუფს აქვს დაგეგმილი და განხორციელებული, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს“ – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, დღეს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.