მარიკა დვალიშვილი 3 წელია, რაც მსოფლიოს ტურისტულ ცენტრში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. იგი ტურიზმის მენეჯერია და ამ ინდუსტრიაში უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს. საკუთარ ტურისტულ კომპანიასაც მართავს და წლებია საქართველოში უამრავ ტურისტს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. მარიკა სტუმრებს საქართველოს საუკეთესო კუთხით აცნობს, იქნება ეს ქვეყნის ბუნება, ისტორია თუ სამზარეულო. მის საქმიანობაშივე შედის წამყვან ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა და ქვეყნის პოპულარიზაცია.
ამჟამად მარიკა ახალ ქვეყანაში და ახალი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ემზადება. პროექტი საკმაოდ ამბიციურია და ის ნიუ-იორკშია დაარსებული. როგორ ფუნქციონირებს ახალი ინოვაციური მობილური აპლიკაცია და რამდენად გაუმარტივებს ის ტურისტებს ცხოვრებას – ამ თემაზე სასაუბროდ მარიკა დვალიშვილს ნიუ-იორკში დავუკავშირდით.
– მარიკა, მოგვიყევით თქვენ მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტზე.
– პროექტის სამუშაო სახელია „PLAN USA“. ეს იქნება მობილური აპლიკაცია, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩამოსულ ტურისტებს ვიზიტის დაგეგმვაში დაეხმარება. ამ აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების, შეთავაზების, ტურისტული პაკეტის და ინფორმაციის მოძიება. აპლიკაციის საშუალებით მოგზაური პერსონალიზებული პროგრამის, ტურების, რეკომენდაციების, კულტურული ღონისძიებებისა თუ რესტორნების მოძიებას შეძლებს და ეს ყველაფერი ერთ პლატფორმაზე იქნება განთავსებული. აპლიკაცია დაგეხმარებათ საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით დაგეგმოთ ამერიკაში მოგზაურობა. „PLAN USA“ ადგილობრივ გიდებთანაც დაგაკავშირებთ. ამ პროექტის ფარგლებში გიდებთან და მცირე ბიზნესებთან ვითანამშრომლებთ. აპლიკაცია ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვის სტრესს ააცილებს. მთავარი აქცენტი ე.წ. პასუხისმგებლობიან ტურიზმზე გაკეთდება, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ეკო ტურიზმის პოპულარიზაციას გულისხმობს. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც ანდროიდის, ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვის. „PLAN USA“-ს ამოქმედება 2026 წლისთვის იგეგმება.
– საიდან გაჩნდა იდეა?
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიცი, რამდენად რთულია მოგზაურობის დაგეგმვა. სწორედ აქედან დაიბადა ეს იდეაც, რომელიც ჩემს მეგობრებსაც გავუზიარე. ყველამ დავინახეთ პოტენციალი და პროექტზე მუშაობაც დავიწყე. უკვე ვითანამშრომლე IT კომპანიასთან, რომელიც აპლიკაციას იდეიდან რეალობად აქცევს. კომპანია ნიუ-იორკში დავარეგისტრირე, გუნდიც შევკრიბე და აქტიურ სამუშაო ფაზაში ვარ.
– მარიკა, თქვენზეც მოგვიყევით, რას საქმიანობდით აპლიკაციაზე მუშაობის დაწყებამდე?
– პროფესიით ტურიზმის მენეჯერი ვარ და ამ ინდუსტრიაში უკვე 10 წელზე მეტია ვმუშაობ. ტურიზმი საქართველოსთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტული ინდუსტრია და ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროს წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. მუდმივად ვცდილობ, საქართველო მთელ მსოფლიოს საუკეთესო კუთხით გავაცნო, დავანახო მისი ამოუწურავი პოტენციალი და რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვარო ჩვენი ქვეყანა ისე, რომ სულ მოუნდეთ უკან დაბრუნება. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მადლობის ის წერილებია, რომლებსაც ჩვენი სტუმრებისგან მათი საქართველოში სტუმრობის შემდეგ ვიღებ. მართალია, დღეისთვის ნიუ-იორკში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოში საკუთარი ტურისტული კომპანია მაქვს, რომელიც ყოველწლიურად უამრავ სტუმარს მასპინძლობს.
– ტურისტულ გამოფენებზეც ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში საქართველოს წარდგენა?
– როდესაც ტურისტულ გამოფენაზე მივდივარ და საქართველოს წარვადგენ, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამ დროს ჩემი ქვეყნის ელჩი ვხდები და საქართველოს პოპულარიზაციით ქვეყანაში მეტი ტურისტის მოზიდვას ვცდილობ. ჩემი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მაქვს მიღებული ტურიზმის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან – ლონდონის, ნიუ-იორკის, დუბაის, სტოკჰოლმის სათავგადასავლო ტურიზმისა და პეკინის ტურისტულ გამოფენებში. სწორედ ამ გამოფენების საშუალებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცანით საქართველო, მათ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი დაგეგმეს.
– როგორია ტურისტულ ეპიცენტრში, ნიუ-იორკში ცხოვრება?
– ნიუ-იორკი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა. „PLAN USA”-ს იდეაც სწორედ ნიუ-იორკის ქაოსში დაიბადა. ხშირად აქ ჩამოსული ტურისტები იბნევიან, რადგანაც ეს ქვეყანა უამრავ სანახავს გთავაზობს, მაგრამ რთულია იპოვო ის კონკრეტული, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეზღუდული დრო გაქვს. სწორედ ამიტომ ეს აპლიკაცია თითოეულ ადამიანს მასზე ინდივიდუალურად მორგებულ ღონისძიებებს შესთავაზებს, რაც ტურისტის დროსა და ენერგიას დაზოგავს.
(R)