პოლიტიკური გაერთიანება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი აცხადებს, 20 წლის განმავლობაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება მესამე მმართველი ძალა, რომელსაც “მანდატის გარეშე, უმანდატო ქვეყანაში გაისტუმრებს”.
შალვა ნათელაშვილი მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ თუ “ოცნება” ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს, ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება:
“ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის გარეშე გავისტუმრებ უმანდატო ქვეყანაში.
ქუჩაში უკვე ვართ. ბიძინა ივანიშვილი ისე ახლოს არის ჩვენთან, როგორც არასდროს. ამიტომ, თუ ის არ წავიდა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება. ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, ტელევიზიის მუშაობის შედეგი ან ზეციური განგების ასახვა”.- ამბობს ნათელაშვილი.
პოლიტიკოსმა ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ ისინი კონსულტაციებს განაგრძობენ, თუმცა თავად ჩარევას არ ცდილობს:
“ჯგუფურადაც ხვდებიან. შესაბამისად, იმ საკითხებზე, რაც საერთო გადასაწყვეტია, საქმის კურსში ვართ. ის, რაც ორი ან რამდენიმე პარტიის ურთიერთინტერესს ეხება. მე არ ვცდილობ, ჩავერიო. გუშინ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ.” – თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ბოლოს კი “გემრიელი ხუმრობა” უწოდა “გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას ნიკა მელია დაემუქრა.
“ვფიქრობ, რომ ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არც ერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მას შეუძლია, მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და მით უფრო, მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი.” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.