6 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ბექა ბროლაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალი სიმღერა „პარალელები“ წარადგინა და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.
ბექა, გარკვეული პერიოდი საქართველოში არ იმყოფებოდი, მოგვიყევი, რა ხდება შენს ცხოვრებაში?
სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე და არა მარტო მე, მთელმა მსოფლიომ. კოვიდ პანდემიის დროს, აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელით, გამოვედით ამ მდგომარეობიდან და ახალი ენერგიით შევუდექით ჩვენს საქმიანობას. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გაკეთდა და გაკეთდება. ძალიან საინტერესო პერიოდი დგას და კიდევ უფრო უკეთესი გველის.
ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „პარალელები“, ვინ იმუშავა ამ პროექტზე?
ამ პროექტზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. ბოლო ჩემი ნამუშევარი ლილიკო ნემსაძის ულამაზესი სიმღერა იყო და ამ ნამუშევრის შემდგომ გავიდა რაღაც პერიოდი და სულ მინდოდა, რომ რაღაც კარგი გამეკეთებინა, როგორც ხარისხობრივად, ისე კლიპის თვალსაზრისით. ზუსტად ერთ საღამოს გადაწყდა ეს ყველაფერი, მომაწვა და მივხვდი, რომ ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა და მაიკო კაჭკაჭიშვილს დავუკავშირდი. ვუთხარი, მაიკო, სასწრაფოდ ახალი, ძალიან მაგარი ჰიტი მჭირდება-მეთქი. მაიკომ ყოველთვის იცის, იმ მომენტში, მე რა მჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტა ხმამაღლა ვიტყვი, რომ ნამდვილად ღირებული პროდუქტი დაიდო არა მარტო ჩემს რეპერტუარში, არამედ, ზოგადად, ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა მეტ აქტუალურობას და კონცერტს მომიტანს. ულამაზესი ტექსტისთვის დიდი მადლობა ირინა სანიკიძეს. კლიპის სატელევიზიო პრემიერა ერთ კვირაში შედგება და შემდეგ „იუთუბ“ არხზეც აიტვირთება. სიმღერა „Bravo records“-ში ჩაიწერა. სიმღერის არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ. მასტერინგი, დამუშავება მთლიანად ალეკო ბერძენიშვილმა გააკეთა. დიდი მადლობა ზაზა შენგელიას, ამ პროექტის განმავლობაში ყველანაირად გვერდში მედგა. ეს არ იყო პროექტი, რომელიც უბრალოდ მივედი და ჩავწერე, რამდენიმე თვიანი მუშაობა მიდიოდა.
როგორი იყო ხალხის რეაქცია სიმღერის დახურულ პრეზენტაციაზე?
მართლა არ ველოდი, ხალხის ასეთ დიდ გამოხმაურებას. პირდაპირ ვიტყვი, ზღვა ხალხი მოვიდა პრეზენტაციაზე, კოლონები არ წყდებოდა. ძალიან ბევრ ადამიანს ადგილი არ ეყო და ფეხზე იდგა.
ვინ იმუშავა კლიპზე?
კლიპზე კინორეჟისორმა თათა მეტივიშვილმა იმუშავა და დიდი მადლობა მას. უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანია, აბსოლუტურად სხვანაირი ტიპის ხედვა აქვს. ის ადამიანები, რომლებიც თათას გუნდში მუშაობენ, თავისი საქმის პროფესიონალები არიან და როდესაც ასეთი მაღალი დონის პროფესიონალებთან გაქვს საქმე, შედეგიც იდება. კლიპის გადაღება ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ულამაზესი კადრებია. დიდი მადლობა ანი ტაბატაძეს, რომელიც კლიპში მთავარ როლშია.
როგორია სამომავლო გეგმები?
ძალიან მალე კიდევ ერთ სიმღერაზე დავიწყებთ მუშაობას მე და მაიკო. ეს არ იქნება ასეთი ცოცხალი, საცეკვაო სიმღერა, ცოტა უფრო სევდიანი იქნება. ზოგადად, ისეთ ეტაპზე ვარ, რომ მინდა ბევრი, ლამაზი, ხარისხიანი სიმღერა შევქმნა.
ბექა ბროლაძე – პარალელები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბექა ბროლაძე. ვიდეო კოლაჟი