LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ამ სიმღერის გაბრწყინება… არ მჯეროდა, რომ ჩემი ლექსი მესმოდა… ჩემს თავს ვჩქმეტდი, ნუთუ მართლა ხდება ეს და 60 000 კაცი ერთად მღერის-მეთქი…“ – ირმა სოხაძე გამარჯვების ჰიმნად ქცეულ ჰიტზე

222
ირმა-სოხაძე

5 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ირმა სოხაძე სტუმრობდა, რომელმაც სიმღერის „გაიღიმე“ ხელახლა გაჰიტებაზე ისაუბრა და სიმღერის შექმნის ისტორიაც გაიხსენა. გადაცემის სტუმარმა 22 აპრილს დაგეგმილი მუსიკალური საღამოც დააანონსა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „მენატრები“ წარუდგინა.

ქალბატონო ირმა, სიმღერა „გაიღიმე“ წლებია გვახსოვს და გვიყვარს, მაგრამ ახლა, თითქოს, ახალი ტალღა წამოვიდა და თავიდან დაიბადა ეს სიმღერა.

ეს იყო ამ სიმღერის გაბრწყინება. სიმღერის ლექსის ავტორი მე გახლავართ, მუსიკა გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. ყველა ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება… მე დავწერე სტატუსი, რომ ამ სიმღერით შევალთ ევროპაში.

როგორი იყო თქვენი რეაქცია და ემოციები საქართველოს ნაკრების გამარჯვებისას?

ვიჯექი და სულელივით ვტიროდი. თამაშს სახლში ვუყურებდით და საოცრად ვნერვიულობდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ჩვენი ბიჭების ფანი ვარ. უნიკალური ბიჭები გვყავს, მე არ მჯერა, რომ ეს რეალობაა, როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩემი ლექსი მესმოდა… ჩემს თავს ვჩქმეტდი, ნუთუ მართლა ხდება ეს და 60 000 კაცი ერთად მღერის-მეთქი… მართლა დაუჯერებელია, რომ ეს საოცრად საღი, გონიერი,  მოტივირებული, მობილიზებული, ტექნიკურად გამართული და რაც მთავარია, ერთ მუშტად, ერთ გუნდად შეკრული ბიჭები, საქართველოს ნაკრებია.  დიდი ხანია, ჩვენ ასეთი ნაკრები არ გვყოლია. საოცრებაა, რაც ახლა ხდება. საოცარი ძალისხმევა და მონდომება ჩადეს ბიჭებმა და ამან გამოიღო შედეგი. ფსიქოლოგიურად იყვნენ მომართულები მოგებისთვის. ამაში თუ ერთი „ფინცქვი“ ჩემმა ლექსმა და გიას მუსიკამ შეიტანა, ეს არის ბედნიერების პიკი.

წარმოიდგენდით, რომ ამდენი წლის მერე თქვენი ლექსი სხვანაირად გაჟღერდებოდა?                     

არა, 34 წლის მერე… არა. ეს იყო მესამედ დაბადება. თავიდან დაიწერა იავნანა, „დაიძინე, დაიძინე პატარა“ იყო. ეკა მამალაძე, ეკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, რცხილაძეები, მე და კიდევ რამდენიმე მომღერალი ვმღეროდით. დიდი ტელე მარათონისთვის შეიქმნა ეს სიმღერა.  რამდენიმე საათში დაიბადა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა. მერე, 90-იანი წლების ბოლოს, მერაბ სეფაშვილმა მოინდომა კლუბური ვერსია და გიას სთხოვა. გია გაუძალიანდა, რას ამბობ, ეს ლირიული სიმღერააო. მართლა ძალიან ტკბილი და მოსაფერებელი სიმღერაა. მაშინ, წყნეთის ბავშვთა სახლში ავედით, სიუჟეტი გადავიღეთ და ეს პატარები რომ ვნახე, დაჩაგრულები ბედისგან, დედისგან… მიტოვებულები, თვალცრემლიანები… აღმზრდელი ქალები მიყვებოდნენ, როგორი მოლოდინი ჰქონდათ ბავშვებს, რომ ვიღაც მოვიდოდა, ეტყოდა, რომ დედაა, რომ ღამე გაათბობდა, სახლში წაიყვანდა… მე ეს ისე განვიცადე, რომ ამ შთაბეჭდილებით დავწერე -შენთანავარ, ნურაფრის ნუ გეშინია, ზღაპრის ბოლო კეთილია… ამიტომ იყო ასეთი კეთილი და გულწრფელი ეს ლექსი.

ერთი სიტყვით, შემდეგ შეიქმნა კლუბური ვერსია. მერაბმა დამირეკა და მითხრა, ეს სიმღერა მინდა და შენ ხომ არ გაქვს რაიმე საწინააღმდეგოო. შემდეგ, დაიძინე გაიღიმეთი შევცვალეთ, დანარჩენი უცვლელია, ამიტომ ცოტა მწყინს, როცა ამბობენ, თავდაპირველად დაწერა ირმამო… მეორედ არავის დაუწერია, ჩემი ლექსია და მორჩა და ძალიან ამაყი ვარ ამით.

ახლა, ალბათ, ბევრ მომღერალს გაუჩნდება აღნიშნული სიმღერის ჩაწერის სურვილი…

არ ვიცი, ვნახოთ… მე და გია კი გავაკეთებთ, ალბათ, კიდევ ერთ ვერსიას.

ვისაუბროთ თქვენს საღამოზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართება.

ღონისძიება „შერატონში“ გაიმართება. საღამოს დათო მაზანაშვილის ბენდთან ერთად ვაკეთებ. იქნება რამდენიმე დუეტიც. ყველას ახსოვს პროექტი „მიმღერე“, რომელმაც იმხელა რეზონანსი მოახდინა და მეც ისე ვისიამოვნე ქ ყოფნით, რომ რამდენიმე დაუვიწყარი ფრაგმენტი მინდა, რომ „მიმღერედან“ გადმოვიტანო და გავაცოცხლო. იქნება 10 ჯაზური კომპოზიცია და 10 ქართული. „Unforgettable“ ასე ჰქვია საღამოს, დაუვიწყარი მუსიკა იქნება…

მოგვიყევით სიმღერაზე „მენატრები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის შესანიშნავი სიმღერა. ზურა ჩინჩალაძემ დამიწერა, დაახლოებით, 30 წლის წინ. სიმღერა ნუგზარ ჩხაიძის სტუდიაში ჩაიწერა. ლექსის ავტორი მზია მია გელაშვილი გახლავთ.

ირმა სოხაძე – მენატრები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ირმა სოხაძე. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები