LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა 13 წლის ასაკის ბავშვი ამ დონის გამოცდაზე გავიდა, გაკვირვებულები იყვნენ… ახლა გერმანულს შეერკინა, საზღვარგარეთ სამედიცინოზე უნდა ჩაბარება“ – გაიცანით 14 წლის ილია ესებუა, რომელმაც კემბრიჯის პროფესიონალის დონე – C1 წარმატებით ჩააბარა

10937
ილია ესებუა

ახალი თაობის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, ნიჭსა და განათლებისადმი სწრაფვაზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბავშვობის ასაკში მიღწეული წარმატებები, რაც ნამდვილად, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

ამ სტატიაში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ 14 წლის მოზარდზე გიამბობთ, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, დღემდე მშობლებისა და მასწავლებლების გაოცებას განაგრძობს.

ილია ესებუა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, რომელმაც სულ ახლახან British Council-ში [ბრიტანეთის საბჭოს საგამოცდო ცენტრი], კემბრიჯის CAE-Cambridge Advanced English – C1 დონე, წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

გარდა ამისა, ილია დაკავებულია უამრავი აქტივობით – თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს, ჭადრაკს, ასევე არის „ყველაზე ჭვიანის“ გამარჯვებული, სამსახიობო ნიჭის მქონე. აინტერესებს მედიცინა და ფიქრობს, რომ მომავალში ნეიროქირურგიის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას, რის გამოც, ამ ეტაპზე გერმანულ ენას ეუფლება.

ილიას ნიჭიერებაზე, მიზანდასახულობასა და განათლების გაღრმავებისადმი სწრაფვაზე „ფორტუნასთან“ დედამ, ნინო ნემსიწვერიძემ ისაუბრა. როგორც მან გვითხრა, მოზარდს განსაკუთრებული ნიჭი ბაღის ასაკიდან ჰქონდა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გამოავლინა:

„ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული, როცა მოსამზადებელ სწავლებაზე დამყავდა, ყველაფერს წამიერად ითვისებდა. შეეძლო ნებისმიერ თემაზე ზღვა ინფორმაციის მოძიება – არქეოლოგიით დაწყებული, მედიცინით დასრულებული. ზოგჯერ შოკში ვვარდებოდით, როგორ შეეძლო ბავშვს 4 წლის ასაკში ამდენი ინტერესი ჰქონოდა.

ყველაფრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. უკვე 5 წლის ასაკში, თავისივე სურვილით, ინგლისურზე მივიყვანეთ, რადგან სულ წიგნებში იყო ჩარგული და მიუხედავად იმისა, რომ კითხვაც კი არ იცოდა, [ინგლისური] ენა ესმოდა“, – გვიყვება ნინო ნემსიწვერიძე.

როგორც მოზარდის დედა ამბობს, დასაწყისისთვის ილიამ საბაზისო დონე მალევე აითვისა, ამიტომ, ოჯახმა გადაწყვიტა ენა უფრო მაღალ დონეზე ესწავლა და ზუგდიდში საუკეთესო მასწავლებელთან მიეყვანა:

„მოხდა ისე, რომ პირველი მასწავლებლით უკმაყოფილო დარჩა, მითხრა: „დედა ამ ქალს ფულს ტყუილად უხდიო“. ვიფიქრე, ალბათ, ენა არ მოეწონა-თქო, მერე სხვასთან მივიყვანე და იმდენად თბილი ქალი აღმოჩნდა, ეს ენა ძალიან შეაყვარა.

თუმცა, ეს საბაზისო დონე იყო და შესაბამისად, ვატყობდით, რომ მეტი სჭირდებოდა, ამიტომ ზუგდიდში არაჩვეულებრივ მასწავლებელთან – ლელა ბულიასთან მივიყვანეთ, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭის ბავშვები ჰყავდა, სასწაულებს ახდენდა. რადგან მაშინ ილია მეოთხე კლასში იყო და ლელა მხოლოდ აბიტურიენტებსა და პედაგოგებს ამზადებდა, გვითხრეს, ამ ასაკის ბავშვს არ აიყვანსო.

თუმცა, ახლობლებს ვთხოვე, იქნებ ერთი შანსი მოგვცეს, მოუსმინოს და დაგვაკვალიანოს-მეთქი. პირველ შეხვედრაზე სათარგმნად ისეთი წიგნები გამოუტანა, ბავშვს ნანახიც რომ არ ჰქონდა, მის თარგმნას თავი რომ გაართვა, თავად მასწავლებელმა თქვა, რომ ამ ბავშვს ხელიდან არ გავუშვებო.

ვერ გეტყვით, რამდენი წიგნები გამოიწერა, ალბათ ოთახს გაავსებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ, ოჯახის წევრებს არ გვინახავს, როდის სწავლობდა, მეცადინეობდა. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ მისი გონება ინფორმაციას წამიერად ისრუტავს, თავადაც გაკვირვებულები ვრჩებით-ხოლმე.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ლელამ გადაწყვიტა, მე-7 კლასში, ანუ, შარშან, ინგლისურის B2 დონის გამოცდაზე გაეყვანა.

ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა 13 წლის ასაკის ბავშვი ამ დონის გამოცდაზე გავიდა, თავად ბრიტანეთის საბჭოს საგამოცდო ცენტრშიც კი გაკვირვებულები იყვნენ, რადგან ძირითადად, მასწავლებლები აბარებდნენ.

პირველი ეტაპი სასაუბრო ენა იყო, ერთმანეთს დიალოგს როგორ აუწყობდნენ. შარშანაც და წელსაც უცხოელი პედაგოგი შეხვდა. B2-ის ჩაბარების შემდეგ, წელს კემბრიჯის პროფესიონალის დონე – CAE=C1 წარმატებით ჩააბარა, გუშინწინ კი უკვე პასუხი მივიღეთ“, – აღნიშნა ნინო ნემსიწვერიძემ და გვითხრა, რომ ესაა მსოფლიოში მიღებული პროფესიონალის სერტიფიკატი, რაც ნებისმიერ უნივერსიტეტში, ასევე დასაქმების თვალსაზრისით, უკონკურენტოა.

როგორც მოზარდის დედამ თქვა, ინგლისური ენის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ, ილიამ სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ტესტირებაც წარმატებით ჩააბარა და დაფინანსება მიიღო.

გარდა ამისა, მოზარდმა თავად გადაწყვიტა, გერმანული ენაც ესწავლა, რადგან მომავალში სწავლის გაგრძელებას საზღვრებს გარეთ, სამედიცინო მიმართულებით, სავარაუდოდ, გერმანიაში აპირებს.

„ზუსტად 6 თვეა, რაც გერმანულზე დადის, რახან ინგლისურის შესწავლა ასე წარმატებით დაასრულა, ახლა ამ ენას შეერკინა, უკვე გამოცდაზეც გავიდა და ახლა პასუხის მოლოდინშია.

გერმანული ენის შესწავლის ინიციატივისას ილიამ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემთხვევაში, შესაძლოა სწორედ ეს ენა დასჭირვებოდა, ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.

გერმანულის მასწავლებელიც გაკვირვებული დარჩა, იმდენად მარტივად აითვისა. გვითხრა, 5-6 ენის სწავლა თავისუფლად შეუძლიაო, ვნახოთ რა იქნება. ამ ეტაპზე, ამბობს, რომ ნეიროქირურგიის კუთხით სამედიცინოზე ჩაბარება უნდა“, – გვითხრა ილიას დედამ.

ნინო ნემსიწვერიძეს ვკითხეთ, ენებისადმი დიდი ინტერესის მიღმა, კიდევ რითია დაკავებული 14 წლის ნიჭიერი მოსწავლე. როგორც მან აღნიშნა, ბავშვობის ასაკიდან უყურებს დოკუმენტურ ფილმებს, ეცნობა თანამედროვე მედიცინის ტენდენციებს, ასევე აინტერესებს პოლიტიკა.

„სკოლაში ძალიან წარჩინებული მოსწავლეა, თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს, ჭადრაკს, ასევე არის „ყველაზე ჭვიანის“ გამარჯვებული. არის მსახიობური ნიჭის მქონეც და უთამაშია რამდენიმე სპექტაკლში.

ახლა ამერიკულ კუთხეში დადის, ეს გახლავთ შტატების მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდიდან მოხალისე მასწავლებლად 3 ბავშვი მიიწვიეს, მათ შორისაა ილიაც, რომელიც წყალტუბოს ბანაკში, თანატოლებს, საკუთარ ცოდნას, მოხალისე მასწავლებლის როლში გაუზიარებს. როგორ გითხრათ, შვილზე საუბარი რთულია, თუმცა, როგორც დედა მისით, რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრისადმი ინიციატივას თავისით გამოხატავდა, თანაც ჩვენთვის პირველი შვილი იყო და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სხვის მაგალითზე რაღაცას ვცდილობდით, აბსოლუტურად თავისით მოინდომა ცოდნის გაღრმავება.

ყველაფერი თავისთავად მოხდა, ძალიან პატარა ასაკში, გზაშიც კი, ავტომობილით სადმე თუ მიგვყავდა, საგზაო ბანერებზე მითითებულ ინფორმაციას იძიებდა, კითხულობდა და ა.შ.“, – უთხრა „ფორტუნას“ ნინო ნემსიწვერიძემ.

ინტერვიუს მიწურულს, ილიას მშობელს ვკითხეთ, რა განცდაა, როცა ამდენი ნიჭის პატრონი შვილი ჰყავს და რთულია თუ არა რესურსების გადანაწილება, რაზედაც მან ასე გვიპასუხა:

„მთელი ოჯახი იმდენად გადართული ვართ მასზე, შეუძლებელს ვაკეთებთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ძალიან დამოუკიდებელი ბავშვია. ხანდახან ვფიქრობ, საზღვარგარეთ სასწავლებლად რომ გავუშვათ, მერე ჩვენ რა გვეშველება მის გარეშე, თუმცა მისი ინტერესები და ცოდნის გაღრმავების მისწრაფება იმდენად ღრმაა, რომ წარმოუდგენელია დედის ეგოიზმი გამოვიჩინო.

ხშირად ვეუბნები: შენ ოღონდ მოინდომე და შეუძლებელს შევძლებ, ცალ-ცალი ფეხსაცმლით ვივლი და შენი საჭიროებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დღემდე არაფერი დაგვიშურებია და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზა გავუკვალოთ, რადგან ბედმა ასეთი ნიჭის მქონე შვილი გვაჩუქა.“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნინო ნემსიწვერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები