LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჯილდო კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა” – ღირსების ორდენი, ახალი ალბომი და კონცერტი ფლორენციაში – ნიკა ნიკვაშვილი მუსიკალური სიახლეებით გადაცემაში „არტ-FM“

210
ნიკა ნიკვაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ შემსრულებელი, კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფლორენციაში დაგეგმილ კონცერტზე და ახალ ალბომზე ისაუბრა. გადაცემაში დისკის პირველი ნაწარმოების პრემიერა შედგა.

აღსანიშნავია, რომ მაესტრო, რომელიც ახლახან კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 1986 წელს, თბილისში დაიბადა და სულ რამდენიმე წლის იყო, როცა მისმა მუსიკალურმა ნიჭმა ყურადღება მიიპყრო. ის ზუსტად იმეორებდა იმას, რასაც ბაღის მასწავლებელი უკრავდა ან რასაც ტელევიზიით მოისმენდა. ოჯახში მუსიკოსი არავინ ჰყავდა და პიანინოც არ ჰქონდა, რადგან არავინ უკრავდა.

ნიკა, კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდი, რას ნიშნავს შენთვის ეს ჯილდო?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ დაჯილდოებაზე ისეთი მნიშვნელოვანი, ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემი ადამიანები იყვნენ წარდგენილნი, რომ რა საკვირველია, ეს ყველაფერი ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა იყო, მათ გვერდით, უხერხულადაც ვგრძნობდი თავს. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის, ამიტომ მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს.

მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს კულტურის მინისტრს, ქალბატონ თინათინ რუხაძეს ამ იდეისთვის და ამ შესანიშნავი წამოწყებისთვის.

ეს ჯილდო კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა იმისთვის, რომ შენ კიდევ უფრო კარგად, მეტი მონდომებით, მეტი სიხარულით გააკეთო შენი საქმე. ეს კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, რომელიც გენიჭება, ღირსეულად უნდა ატარო.

ვისაუბროთ კონცერტზე, რომელიც ფლორენციაში გაიმართება. საიდან გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა და ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას?

ამ კონცერტის მხატვრული ნაწილი, მუსიკალური პროგრამა უკავშირდება თორაძეების ფესტივალს, რომლის დამასრულებელი კონცერტიც ჩემი ხელმძღვანელობით შედგა.

დავით თორაძის შემოქმედებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწარმოებს მოვკიდე ხელი, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა ბალეტი „გორდა“, რომლისგანაც ახალი სიმფონიური პოემა გავაკეთე. ასევე, ავიღე „ჩრდილოეთის პატარძალი“, ოპერა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა არ შესრულებულა. გავაკეთე ახალი ვერსიები, ამოვკრიბე გარკვეული ნაწილი, რადგან მოგეხსენებათ, რთულია, ერთ კონცერტში ჩაატიო ყველაფერი, ის დიდი შემოქმედება, რომელიც დავით თორაძემ დაგვიტოვა. აღსანიშნავია, რომ კონცერტის ერთი ნაწილი დატვირთულია მისი აკადემიური მუსიკით, მეორე ნაწილი კი – კინომუსიკით, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რაც შეეხება კლასიკურ ნაწილს, იქნებიან ისეთი შესანიშნავი შემსრულებლები, როგორებიც არიან: იანო ალიბეგაშვილი და გიორგი აბულაძე, რომელიც ამ პროექტის სულისჩამდგმელად გვევლინება და რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ღირსეულად და მაღალ დონეზე შედგეს ეს პროექტი. გიორგი შეასრულებს არიას „ჩრდილოეთის პატარძლიდან“.

მთელი კონცერტის ძალიან გადამწყვეტი ძალა არის გუნდი, ჩვენი ძვირფასი მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. ბრწყინვალე კოლექტივია.

ლელა მჭედლიძე, ჩვენი „ოპერისა და ბალეტის თეატრის“ პირველი ვიოლინო, იქნება სოლისტი.

რაც შეეხება ყველასთვის ძვირფას კინომუსიკას, აქ იქნებიან – ნატო მეტონიძე, ქეთი მელუა და ნინო თორაძის შვილიშვილი, რომელიც  ისეთი შესანიშნავი ბავშვია, ისეთი ბრწყინვალე ხმა აქვს და ისეთი მუსიკალურია, რომ ვფიქრობ, თორაძეების გენეტიკას ღირსეულად გააგრძელებს.

ინსტრუმენტულ ნაწილში იქნებიან: ლევან დეისაძე, დიტო საკანდელიძე.

მოგვიყევით საავტორო ალბომზე, რომელიც ახლახან  გამოვიდა და დისკის პირველ ნაწარმოებზე, რომლის პრემიერაც ექსკლუზიურად „ფორტუნას“ ეთერში შედგება.

ეს დისკი სულ რამდენიმე თვის წინ გამოიცა, აქ შესულია კინომუსიკა, რომელიც ჩემს მიერ არის შექმნილი. გაერთიანებულია სამი ფილმი. რა საკვირველია, დისკში ყველა ნაწარმოები არ არის შესული, მაგრამ გარკვეული ნაწილი მოთავსებულია. წინააღმდეგი ვიყავი ამის გამოცემის, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული მხარე უკვე ძალიან დაჟინებით ითხოვდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რომ დაბეჭდილიყო. მე არ მომწონს რაღაც-რაღაცები და მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა, კიდევ უფრო უკეთესი ან სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს, საერთო შეთანხმებით, მაინც გამოიცა ეს დისკი. დისკის ნაწილი ქართველი შემსრულებლებისაა, ნაწილი ფრანგი მუსიკოსების. ნაწილი საქართველოში არის ჩაწერილი, ნაწილი პარიზში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g