დაკავებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდის ინფორმაციით, მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლის რეალური ფოტო-მასალა მოიპოვეს, რომელსაც პუტინი ქალაქ გელენჯიკში იშენებს.
ფოტოების თანახმად შენობა ჯერ ბოლომდე კეთილმოწყობილი არაა, თუმცა, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 100 მილიარდი რუბლია.
ერთი წლის წინ კი, ნავალნის გუნდის Youtube არხზე გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება სახელად – „სასახლე პუტინისთვის,“ სადაც სასახლის ნაწილის ფოტოები მხოლოდ ფრაგმენტულად იყო ნაჩვენები. სამთავრობო არხებმა აღნიშნული უარყვეს და გამოძიებას „ანიმაციური ფილმი“ უწოდეს.
ამ ფილმის თანახმად, ნავალნის თანაგუნდელებმა 3 სართულის არქიტექტურული ნახაზი, გენგეგმა და რამდენიმე ფოტო აჩვენეს, რომელიც მათი თქმით, პუტინის სასახლეს ასახავდა. თუმცა, დოკუმენტაციაში დეტალურად იყო აღწერილი, რომელ ოთახში რა ავეჯი იყო გამოყენებული. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, გუნდმა 3D ვიზუალიზაცია ააგო.
დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში კი, პატიმრობაში მყოფი ნავალნის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათ პუტინის სასახლის უკვე რეალური ფოტოებიც მოიპოვეს, რომელიც მათ მიერ ერთი წლის წინ ნაჩვენებ ვიზუალიზაციას დიდწილად ემთხვევა.
„ეს არის ყველაზე დაცული ადგილი რუსეთში, ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელმწიფოში და ეს არის პუტინის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელსაც ათასობით ადამიანი იცავს – უცნობი დაცვის თანამშრომლებიდან, მებოსტნეებიდან და მშენებლებიდან დამთავრებული რუსეთის უმდიდრეს და ყველაზე ცნობილ ადამიანებამდე. „ეს კაცი სიმდიდრის ლტოლვაში სრულიად შეშლილია,“ – ამბობენ ნავალნის თანამებრძოლები.