„ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს: – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ!“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზარქუას თქმით, ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ „ზოგიერთი ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და სენატორები, რომელთაც ავტორიტეტი არა აქვთ“:
„ჩვენ გვყავდა ასეთები: კუბილიუსები და ფოტიგები! ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსი იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს. დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? – ამაზე პასუხი არა აქვთ! შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ზარქუას თქმით, ივანიშვილთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა:
„რისთვის? იმისთვის, რომ ამ კაცმა ქვეყანა არ გაყიდა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარი არ თქვა! ის ამის გამო დაასანქცირეს. ჩვენებურად პატრიოტების ენაზე ეს არის ჯილდო ამ ადამიანისათვის, რადგან მან ქვეყანა დაიცვა. გუშინ ივანიშვილთან საუბრის შესაძლებლობა გვქონდა და მის განწყობასაც გეტყვით: – დიდი ხანია მე დასანქცირებული ვარ და ჩემთვის ეს არაფერს არ წარმოადგენსო. ქვეყნის სიყვარული არის უდიდესი ჯილდო და მას ასეთი მიდგომა აქვს. ეს კაცი თავისი ოჯახით თითოეულ ქართველს მაგალითს გვაძლევს“, – განაცხადა ზარქუამ.
ფოტო: რადიო „თავისუფლება“