„ეს ხიდი ჩვენს თანამშრომლობას და მეგობრობას განასახიერებს“ – პრემიერმა ფაშინიანთან ერთად საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი ხიდი გახსნა

86
Untitled design

საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა.

ხიდის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მეგობრობის ხიდი, რომელიც ქვეყნებმა ერთად ააშენეს, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასა და მეგობრობას განასახიერებს:

„მივესალმები ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ, ჩვენს თანამშრომლობას და მეგობრობას განასახიერებს.

ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე, ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა, უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი, როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთის, საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს. უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც ორ წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და მინდა, აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. მადლობას ვუხდი ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებს და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს. ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხიდის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმაც და განაცხადა, რომ სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის გამოსაყენებლად მუშაობა კვლავ გრძელდება:

„საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობრის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად, განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.

ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევის პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, რომ დავაფიქსირეთ, შარშანდელთან შედარებით, 97 პროცენტით სავაჭრო ბრუნვის ზრდა გვაქვს. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო ძალიან დიდი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს და ეს განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები.

სომხურ-ქართულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

ვიმედოვნებ, ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით, დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრთგადაზიდვა, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას.

ასევე უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. ორ ქვეყანას შორის საჭიროა, განვითარდეს საზღვართშორისი თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენ ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ, ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება.

სომხეთისა და საქართველოს რეგიონებს შორის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით გვაქვს დიდი შესაძლებლობა, უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები.

მნიშვნელოვანია, ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი განვითარება ურთიერთობებში. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათშორისი შეხვედრები, აქტიური მისვლა-მოსვლა, მჭიდრო კავშირები, ამიტომ გაადვილებული უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ახალი ხიდი. მადლობა ყველა მხარეს, დამფინანსებელს, დამპროექტებელს, მშენებელ კომპანიას, ვინც განახორციელა ეს პროექტი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიტანს და ჩვენს ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. მადლობა ყველას, ყველას ვუსურვებ წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“