შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე უპრიზოდ დარჩენილი ქართველი პიანისტის, დავით ხრიკულის შესახებ წერს ირმა სოხაძე, რომელიც ფაქტს „გამაოგნებელ უსამართლობას“ უწოდებს:
„შოპენის სახელობის პიანისტთა მე-19 საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი დროის ბრწყინვალე ქართველმა პიანისტმა, დავით ხრიკულმა განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. არ დავიწყებ მისი, როგორც მუსიკოსის და პიანისტის დახასიათებას და ღირსებების ჩამოთვლას. ჩემი აზრით, უდავო ლიდერი იყო და ოთხივე ტურში უმაღლესი ფილიგრანული ოსტატობა და შოპენის მუსიკის, მისეული „მომღერალი“ და „მოლაპარაკე“ ბგერის უზადო წვდომა აჩვენა. მაგრამ… საერთოდ არც ერთი პრემია არ მიენიჭა! არც ამ გამაოგნებელი უსამართლობის ანალიზს მოვყვები, გეტყვით უბრალოდ, რომ ეს კონკურსი, ბევრ სხვა, ნამდვილ ღირსებასთან ერთად, ოდითგან, საკმაოდ სკანდალური და მიკერძოებული ჟიურითაც გამოირჩევა. საკმაოდ დიდი ხნის, ალბათ 40 ან 45 წლის წინ, ივო პოგორელიჩი ფინალში არ გაუშვეს, რის პასუხადაც ჟიურის წევრმა (თუ თავმჯდომარემ, აღარ მახსოვს), მარტა არგერიხმა დემარშით დატოვა კონკურსი! ამ ფაქტმა ივოს გაცილებით დიდი სახელი და დიდება მოუტანა, ვიდრე ლაურეატობა მოუტანდა. ასე რომ, ზოგჯერ სკანდალური უსამართლობა კარგიც კია… ვულოცავ დავითს ამ უდიდეს წარმატებას, მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ასეთ დამაჯერებელ გაბრწყინებას, ასეთი აჟიოტაჟის გამოწვევას და ბევრი მწვერვალის დაპყრობას ვუსურვებ!..“