„ეს კვირა იქნება, გარკვეულწილად, კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენ ვნახოთ, რა მიმართულებით მივდივართ და ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს და ცალსახად, უკვე უკავშირდება შემთხვევების კლებას, რამდენად არის რეალურად ეფექტური და რამდენად მოგვცემს სტაბილიზაციის შესაძლებლობას”, – საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეაფასა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მოცემული სურათით, შეიძლება ითქვას, რომ სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს და შემცირებულია მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტების რაოდენობაც, თუმცა, ერთკვირიანი დაკვირვება არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი, რათა დარწმუნდნენ, შენარჩუნდება თუ არა სტაბილიზაციის ტენდენცია და სწორედ, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები სხვა ქმედებებთან დაკავშირებით.
„ჰოსპიტალზე დაწოლის კლების თავლსაზრისით, ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნის გაკეთება, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირის ეფექტს, როდესაც ტესტირება შემცირებული იყო, თუმცა, აქაც ნიშნები იმისი, რომ სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს და ასევე მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული – მიუთითებს იმას, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა, რომ პაციენტების დაყოვნება ბინაზე აღარ ხდებოდეს”, – თქვა გაბუნიამ.
მან ასევე ისაუბრა კოვიდპაციენტების რაოდენობასა და მდგომარეობაზეც:
„მობილიზებული საწოლების რაოდენობა დღეს დილის მდგომარეობით გახლდათ 7 222. აქედან კოვიდის მკურნალობისთვის სტაციონარში იყო 6 539 პაციენტი და შეფასებისთვის 198 პაციენტი.
აქედან 1 335 პაციენტი არის ისეთი, რომელიც ინტენსიურ თერაპიას გადის. 405 კი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.
2800 ზე მეტი პაციენტი რჩება კლინიკურ სასტუმროებში, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გაბუნიმ ასევე განმარტა, თუ რას უკავშირდება გარდაცვალების მაჩვენებლის გარკვეული მატება:
„გარდაცვალების მაჩვენებლის გარკვეული მატება ბოლო პერიოდში არის იმის შედეგი, რომ უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც მძიმე შემთხვევები, რომელთა შესახებაც თავიდანვე პროგნოზულად ვიცოდით, რომ არ ექნებოდათ კეთილსაიმედო გამოსავალი – აი აქ დგება არასასურველი შედეგი. საყუარადღებოა ის, რომ როდესაც შემთხვევების რაოდენობა იწყება, ამას სიკვდილიიანობის მატება მოყვება 2-3 კვირის დაგვიანებით”, – აღნიშნა გაბუნიამ.
რაც შეეხება ინტენსიური ტესტირების პროგრამას, მისი განცხადებით, გრძელდება ანტიგენტესტირება, რომელშიც ჩართულია 200-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება.
„მოთხოვნა ტესტირებაზე სიმპტომურ პირებში ისეთი მაღალი, როგორიც არის 20 000 და მეტი, არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ამდენი სიმპტომური პირი არ არის. ამას მიუთითებს ნაკლები ზარები 112-ზე და ნაკლები მიმართვიანობა ოჯახის ექიმებთან. ჯერ ისევ ნაადრევია პასუხი, რა სურათს მოგვცემს ამ კვირაში 18 000-დან 20 000-მდე გაზრდილი ტესტირება”, – აღნიშნა გაბუნიამ.