მომღერალი მანანა მენაბდე აპირებს ზურა ჯაფარიძეს უჩივლოს.
მანანა მენაბდე ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კლიპს აქვეყნებს, რომელსაც ფონად მანანა მენაბდის სიმღერა „საპოვნელა“ აქვს და მამაკაცის ხმა ამომრჩეველს ურჩევს, რომელი ნომერი უნდა შემოხაზონ.
„ამ წამს დავდე “გირჩის” და საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“, – დაწერა მანანა მენაბდემ სოციალურ ქსელში.
მანანა მენაბდის სტატუსს სოციალურ ქსელში „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის იაგო ხვიჩიას გამოხმაურება მოჰყვა.
იაგო ხვიჩია:
„ქალბატონო მანანა, დიდი პატივისცემით თქვენთან. “გირჩის” არაა ეს კლიპი, არის ზურაბ ჯაფარიძის გირჩის.
დღეს არჩევნების დღეა და ნუ შევიყვანთ ამომრჩეველს შეცდომაში, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ვზიანდებით. ან თუ შეიძლება რომ დააკორექტიროთ პოსტი. ბოდიშით რომ ამ ორ სახელიანობაში გაგრიეთ, მაგრამ ჩვენი ბრალი არაა, ისევე როგორც თქვენი სიმღერის გამოყენებაში არ მიგვიძღვის წვლილი. აქვე როგორც მსმენელისგან მიიღეთ ჩემი სიმპათიები. სიამოვნებით გამოვიყენებდით თქვენს სიმღერას ჩვენს კლიპში, მაგრამ არ გამოგვიყენებია. სხვა გირჩია ის”, – ვკითხულობთ იაგო ხვიჩიას პასუხში.
იაგო ხვიჩიას პასუხმა მანანა მენაბდეს გადააწყვეტინა, რომ ყველაფერი მისმა ადვოკატმა გაარკვიოს.
„გთხოვთ, ჩემთან ნუ იკამათებთ! ვინ “ზიანდება” კარგად ვხედავ ამას. თქვენი აზრით, მე უნდა “ვარჩიო” თურმე ვინ დგას ამის უკან და მე შემყავს “შეცდომაში” ხალხი?! როგორ კადრულობთ ამის თქმას, თან საჯაროდ?! ეს მე უნდა “ვარკვიო” გირჩია თუ მუხის ფოთოლი?! ჯერ ამდენი ტაქტიც არ გაქვთ, რომ ამას მწერათ! და თან “რჩევას მაძლევთ” ბრავო ღქვენ! რჩევა იმისთვის მიგეცათ, ვინ ეს გააკეთა! ყველამ მოისმინა და ყველას აქვს ყურები. დაგელაპარაკებათ ადვოკატი და იმასთან არკვიეთ ეს ყველაფერი! გთხოვთ, მე აღარ მომმართოთ არნაირი არც თხოვნით და არც კომენტარით! ადვოკატი ყველაფერს გაარკვევს. თუ არ არის “გირჩი” ვიღაც ხომ არის? “ბუჩქი” მაგალითად! ჰოდა მოვთხოვოთ პასუხს…“ – წერს მანანა მენაბდე.