რატომ ვუყურებთ სერიალებს და რას იწვევს მათზე დამოკიდებულება?
ფსიქოლოგი, ნინუცა კომახიძე „პირველი არხის“ ეთერში ამბობს, რომ ხშირად ადამიანები სერიალებს დეპრესიისა და შფოთვის გადასაფარად უყურებენ და ამბობენ რომ ამ დროს მდგომარეობიდან გამოდიან.
სპეციალისტის თქმით სერიალებზე მიჯაჭვულობა ადამიანს ცხოვრების ხარისხს უფუჭებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სერიალებზე დამოკიდებულება ჯერ არ არის შეტანილი დაავადებათა კლასიფიკაციაში, როგორც აზარტომანია, ნარკომანია და სხვა დამოკიდებულებები, ქცევით აშლილობაში იგულისხმება, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრების ხარისხს უფუჭებს სერიალებზე სისტემატური ყურება და მიჯაჭვულობა.
შესაძლოა ადამიანმა რამდენიმე ღამეც კი გაათენოს, არ წავიდეს სამსახურში, თქვას უარი პასუხისმგებლობებზე და ასეთი უამრავი შემთხვევებია აღწერილი.
მქონია შემთხვევა, როდესაც თავად ადამიანებმა ამოიცნეს თავი ეგრეთ წოდებულ Binge-watching-ში – ეს არის ტერმინი, რომელიც უკონტროლოდ სერიალების ყურებს აღნიშნავს, ისევე როგორც არსებობს უკონტროლო ჭამის ტერმინი.
ეს ნიშნავს რეალობისგან გაქცევას, რადგან ბევრი რამ არსებობს რეალობაში, რასაც შესაძლოა გაექცე დაწყებული შენი ემოციური მდგომარეობიდან, დამთავრებული ყოველდღიური რუტინით, რომელიც მოგბეზრდა და არ გსიამოვნებს.
ასევე ძალიან საინტერესოა, რომ შესაძლოა დეპრესიისა და შფოთვის გადასაფარად უყურებენ სერიალებს და ამბობენ რომ ამ დროს მდგომარეობიდან გამოდიან“, – ამბობს ნინუცა კომახიძე.