დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე აგვისტოს ომის 10 წლისთავს გამოეხმაურა. ქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.
“დღეს, 8 აგვისტოა და პირველ რიგში, მინდა, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას გამოვეხმაურო. ტრაგიკულს თავისი შედეგებით, მასშტაბით და იარებით, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და, რა თქმა უნდა, ვერც მოიშუშებს საქართველოს საბოლოო გამთლიანებამდე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართო მასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის დაწყების შემდეგ, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა.
“გაჩნდა საკუთარ სამშობლოში დევნილთა ახალი ნაკადი, რომლებიც სახლებში დაბრუნებისა და აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ კარგავენ. ეს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ინახავს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანების ხსოვნა უკვდავყოთ. სწორედ ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, მინდა ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ერთიანი” – აღნიშნა კალაძემ.