LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს საქართველოს მორიგი გამარჯვებაა – გზავნილია რუსეთის მიმართ, რომ ისინიც გასამართლდებიან: თეონა აქუბარდია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

202
თეონა აქუბარდია

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია იმყოფებოდა, რომელმაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომის საქმეზე 3 პირისთვის დაკავების ორდერები გამოსცა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს საქართველოს გამარჯვებაა და მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, მესიჯია რუსეთის მიმართ, რომ აღნიშნული სამართალი მათთანაც მივა და ისინიც გასამართლდებიან.

„ეს საქართველოს მორიგი გამარჯვებაა. მიუხედავად იმისა რომ ვფიქრობ, დაგვიანებულია, აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება წლების წინ დაიწყო ჰააგის სისიხლის სამართლის პროკურორის მხრიდან და ის ფაქტი, რომ გუშინ სამ აგვისტოს ომის დამნაშავეს გამოუტანეს განაჩენი და მათი დაკავების ორდერია გაცემული, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ რუსეთმა და მის ქვეშ მყოფმა დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს დანაშაულები აგვისტოს ომში.

აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ იმ გეოპოლიტიკურ ჭრილში, რომელიც დღეს არის უკრაინაში. ეს არის გზავნილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელიც ეხლა აწარმოებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რომ მათთანაც მივა ეს სამართალი და ისინიც გასამართლდებიან.

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი და ის აგრესია, რომელიც რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, სწორედ ამის გაგრძელებაა უკრაინაში სამხედრო აგრესია.

ეს არამხოლოდ საქართველოს გამარჯვებაა, არამედ მნიშვნელოვანი გზავნილია უკრაინისთვის, რომ არცერთი დამნაშავე, რომელიც ეხლაც ჩადის ომის დანაშაულს არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“. ევროკავშირის საბჭომ კომისიას მოუწოდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებით.

„ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სადაც არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვას შესაძლებლობებზე არის საუბარი კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად. ის ფაქტი, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომია.

ჩვენ ვართ მოლოდინის პროცესში, რომ უკვე შეფასების პროცესი წავიდეს სამივე ქვეყნის, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ათიათასობით გვერდი უნდა გამოიგზავნოს, სადაც კონკრეტული შეფასების კითხვარი უნდა შეავსოს შესაბამისმა უწყებებმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მაკოორდინირებელი უწყება ევროპული ინტეგრაციის.

ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი. ამ ეტაპზე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 40%-მდე არის შესრულებული. გეგმა იყო, რომ როდესაც 2024 წელს საქართველო განაცხადს შეიტანდა 70%-ით ყოფილიყო დაკმაყოფილებული. რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ამ განაცხადის წარდგენა ვადები შეიცვალა.

ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამაზე საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაშიც, უნდა გავაკეთოთ და მნიშვნელოვანია ასევე, რეფორმების ნუსხის შექმნა, თუ რა რეფორმები უნდა განახორციელოს საქართველომ ასოცირების შეთანხმებიდან და მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთობლივი მუშაობა. პარლამენტი არის ის უწყება, სადაც კანონმდებლობის ჰარმონიზების კუთხით უნდა იმუშაონ მხარეებმა.

მნიშვნელოვანია ასევე სტრატეგიული კომუნიკაცია, თუ რას ველაპარაკებით ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. დღეს მთავრობას აქცენტი ჰქონდა გაკეთებული, რომ მოლოდინები უნდა ვმართოთო. მოსახლეობისთვის ამის ახსნა დეტალურად აუცილებელია.

ჩვენ დღის წესრიგი გვაქვს შეთავაზებული, რომ პარლამენტშიც შეიქმნას დღის წესრიგი და დაჩქარებულად ყველა ის კანონი მივიღოთ, რომელსაც ითხოვს ასოცირების ხელშეკრულება, რომ უარი არი მიიღოს საქართველომ“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

magti 5g