LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს საუკეთესო დღეებია ჩემს ცხოვრებაში და მინდა ეს გრძნობა არასდროს დამავიწყდეს.. რამდენიმე კვირის წინ არ ვიყავი დარწმუნებული, გავიდოდი თუ არა „ევროვიზიის“ ფინალში – მაშა კონდრატენკო

109
მაშა კონდრატენკო

გამარჯობა, მაშა! მოგვიყევით თქვენს შესახებ – საიდან ხართ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და რას საქმიანობთ დღეს?

გამარჯობა, მე ვარ მაშა კონდრატენკო, 25 წლის. მწვანე თვალები მაქვს. ვარ მომღერალი, ავტორი და მსახიობი უკრაინიდან. დავიბადე შოსტკაში, ვცხოვრობდი ხარკოვში და უკვე 10 წელია, რაც  კიევში ვცხოვრობ.

მე მაქვს ჩემი პრობლემები, ჩემი ტკივილები, ჩემი ბედნიერი წუთები და მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ძალიან გაუმართლა, რომ ამ ყველაფრის გამოხატვა სიმღერებში და ხელოვნებაში შეუძლია. ამას ბავშვობიდან ვაკეთებ და ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე.

დღეს, როგორც უკრაინელების უმეტესობას, შინაგანად ძალიან მიჭირს – დაღლილობას, ტკივილს, ზოგჯერ უიმედობას ვგრძნობ, მაგრამ ამავდროულად მოქმედებას, წინსვლას და ბრძოლას არ ვწყვეტ. ჩვენი რეალობა არის „ნორმალური არანორმალურობა“, რომელშიც ყველა თავის მისიას ეძებს. ჩემი მისიაა, ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ხელოვნების დახმარებით ტრანსლირება.

კარიერაში ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

ვამაყობ ჩემი გზით, რომელიც ბავშვობაში დაიწყო, ჩემი მშობლების წყალობით, რომლებიც დამეხმარნენ საკუთარი თავის პოვნაში. ათობით კონკურსი მაქვს გამოვლილი: “ხმა” ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, სიმღერები მილიონობით პიესით და ძალიან მაგარი კოლაბორაციები. გასულ წელს გავხდი Spotify-ის Equal Ukraine-ის ელჩი, გამოვუშვი ჩემი პირველი ალბომი და დავაანონსე დიდი კონცერტი კიევში და, რა თქმა უნდა, გავედი „ევროვიზიის“ ფინალში! მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ ბევრი წარმატებაა!

დღეს თქვენ ხართ „ევროვიზიის“ ერთ-ერთი ფინალისტი და გამარჯვების პრეტენდენტი.  რას ნიშნავს თქვენთვის ეს კონკურსი?

„ევროვიზია“ პირადად ჩემთვის ძალიან დიდი ნაბიჯია და ვგრძნობ, რომ ახლა შემიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა.

„ევროვიზია“ არის მნიშვნელოვანი კონკურსი არა მხოლოდ ჩემი სურვილების, ჩემი კარიერის კონტექსტში, არამედ ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მისიის თვალსაზრისითაც. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დიდი ხანია გასცდა სიმღერის კონკურსის ფარგლებს. დიდი პატივია ვიყო ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი.

თქვენ წარმოადგინეთ თქვენი სიმღერა და ვიდეო კლიპი No Time to Cry. რაზეა ეს სიმღერა?

როცა ეს სიმღერა დავწერე, სადღაც ჰორიზონტზე სახლი წარმოვიდგინე. იქ სინათლეა, იქ ოჯახი ცხოვრობს. ბავშვი თამაშობს, დედა სადილს ამზადებს, იღიმის, მამა ტელევიზორს უყურებს. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სახლის გარშემო სიბნელეა.

მთელი ეს სამყარო თითქოს არარეალური, ყალბი, თოჯინაა და მასში მყოფმა ადამიანებმა გამოიგონეს საკუთარი რეალობა, სადაც ყველაფერი უბრალოდ „ნორმალურია“. ისინი ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, მიუხედავად მათ გარშემო არსებული მწუხარებისა.

No time to cry არ არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ეს არის ტკივილის შეგრძნება და ცრემლები, მაგრამ იმის შეხსენებაც, რომ უნდა იბრძოლო და არასდროს დანებდე. სიმღერა ეხება “ნორმალურ არანორმალურობას”, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. ჩვენ ყველანი განვიცდით სისუსტეს და შფოთს, მაგრამ ყოველთვის ვირჩევთ ნათელ და ძლიერ მხარეს.

როგორი რეაქცია ჰქონდათ თაყვანისმცემლების სიმღერის პირველად მოსმენისას?

რამდენიმე კვირის წინ არ ვიყავი დარწმუნებული, გავიდოდი თუ არა ფინალში. დღეს კი მთელი მსოფლიოდან წამოსული დიდი გამოხმაურების, შეტყობინებების და მხარდაჭერის სიტყვების რაოდენობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

No time to cry YouTube-ის ჩარტებში ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამჟამად პირველ ადგილზეა კონკურსის ყველა სიმღერას შორის. მაღალი რეიტინგი შესაძლოა გამარჯვების საწინდარი გახდეს. შოკირებული, ძალიან ბედნიერი და შთაგონებული ვარ. ძალიან მინდა ეს გრძნობა სამუდამოდ მახსოვდეს.

რისი თქმა გსურთ თქვენი მსმენელისთვის და „ევროფანებისთვის“ უკრაინიდან, საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან?

მადლობელი ვარ ყველა კომენტარისთვის, ყველა შეტყობინებისთვის, ყველა რეაქციისთვის. ეს დღეები ალბათ საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, რადგან თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია! იმედი მაქვს, ძალიან მალე  ბაზელში შევხვდებით!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g