“მინდა ნიკა მელია გარეთ იყოს, თუმცა, ეს არის ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენი სურვილი და „ქართული ოცნების“ საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა,” – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ ნიკა მელიას სასამართლო პროცესის კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელში მას არანაირი მოლოდინი არ აქვს, რადგან ბობოხიძის აზრით, მათ ხელში უბრალოდ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. ბობოხიძის სიტყვებით, თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება – ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, მას დიდი თავის ტკივილი მოშორდება.
“ოღონდ არ ვიცი ამისთვის გონიერება რამდენად ეყოფა, თან „ქართულ ოცნებას“ დღეს მდგომარეობა უდგას ასე – გაათავისუფლებს მელიას და შეუმსუბუქდება ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ გაურთულდება ქვეყნის შიგნით. ან პირიქით, ქვეყნის შიგნით მიანიჭებს მის მდგომარეობას ამ წუთში უპირატესობას და დარჩება ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან. ამიტომ დღეს ნიკა მელიას გამოშვება – არ გამოშვების საკითხი არის „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი,” – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება კომპრომისს, ბობოხიძის შეფასებით, ის გარკვეულ კომპრომისად ნიკა მელიას გათავისუფლებას შეაფასებდა.
“მაგრამ ეს ვერ იქნება ის ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაკეთდება, პირიქით, კომპრომისს უზრუნველყოფს. ოპოზიციისთვის რიგგარეშე არჩევნები ეს არის გარდაუვალი თემა. ნიკა მელიასთვის რომ არჩევნები არ ყოფილიყო მთავარი თემა, ის პარლამენტში შევიდოდა და გარეთ იქნებოდა. გარეთ ყოფნა ეს უნდა იყოს შედეგი და საფუძველი მომავალი პროცესებისა და არავითარ შემთხვევაში საბოლოო შედეგი, რომლითაც პროცესები დამთავრდება“,- განაცხადა ბობოხიძემ.
გადაისინჯება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – სასამართო პროცესი დღეს გაიმართება