LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა 1995 წელს დავწერე და მივუძღვენი ზურას, ერთადერთ სიყვარულს… ძალიან გულწრფელი ისტორია აქვს“ – ცირა ბზიშვილი

27
გიორგი-წიკლაური,-ცირა-ბზიშვილი

17 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ცირა ბზიშვილი და გიორგი წიკლაური სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „უშენოდ არაფერია“ პრემიერა შედგა.

ცირა, ვისაუბროთ პროექტზე „უშენოდ არაფერია“, რომელიც შენი და შენი მეუღლის, ზურას ქორწინების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. 

ცირა: ამ ყველაფერს ძალიან გულწრფელი ისტორია აქვს. ეს სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, 1995 წელს დავწერე და მივუძღვენი ზურას, ერთადერთ სიყვარულს. ეს კონკრეტული სიმღერა, ალბათ, 10 წელზე მეტია არ გამიჟღერებია. ზაფხულიდან მოყოლებული, ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქორწინებიდან 25 წელი ხდებოდა და ჯერ ვფიქრობდი, რომ თავად შემესრულებინა რამე, მაგრამ როგორც კი ამ სიმღერის თითქოს ახალი ვერსიის სპეციფიკა და ფაქტურა დამესახა, ჩემი იდეა იყო, რომ ის გიორგის ემღერა. გადავწყვიტეთ, საიდუმლოდ შეგვენახა ეს ამბავი, არსად გაგვეჟღერებინა და დავიწყეთ მზადება. პირველი სიმღერაა, რომელიც ზურას პრემიერამდე არ მოუსმენია.

ზურას თუ ახსოვდა ეს სიმღერა, რა რეაქცია ჰქონდა, როცა მოისმინა?

გიორგი: სიტყვები ახსოვდა.

ცირა: იმდენად შევცვალე ეს სიმღერა, რომ ვლაპარაკობდით კიდეც, არ მინდა, ისე მოხდეს, რომ საერთოდ ვერ იცნოს-მეთქი. ზურამ უცებ იმდენად ვერ გაიაზრა, რომ ტელევიზიიდან რომ გამოვედით, მერე მკითხა, ეს ის სიმღერააო, მერე მოვიდა აზრზე (იცინის). მერე, ძველი ვერსია დაიწყო და გაიმღერა.

რა თქმა უნდა, სიმღერაში ძალიან ბევრი რაღაც შევცვალე, გიორგის მოვარგე, მაგრამ ძირითადი ნაწილი დავტოვე იმ ძველი სიმღერის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი, ალბათ, შენთვის საპასუხისმგებლო იქნებოდა ამ სიმღერის შესრულება.

გიორგი: გამიმართლა, რომ მე მხვდა წილად ამხელა პასუხისმგებლობა, რომ ეს სიმღერა ჩამეწერა. ცირას და ზურას ისტორიაში შევა ეს სიმღერა.

ცირა: რა თქმა უნდა, ეს ნამუშევარი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიმღერას, თავის დროზე, „მუდამ მეყვარები, იცოდე“ ერქვა და ასეც იწყება მისამღერი, ხელუხლებლად არის დატოვებული.

მაინტერესებს, როგორ, რა მიზეზით მიიყვანეთ ზურა ტელევიზიაში, რომ პრემიერას დასწრებოდა?

ცირა: რთულად. როგორც კი  ტელევიზიაში პრემიერა დაიგეგმა, იმ დღიდან ძალიან დიდი თავის ტკივილი გამიჩნდა… ზურას ვეუბნებოდი, 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა მოვყვეთ ჩვენი ისტორია-მეთქი და ძალიან მძიმედ მიიღო, ვის აინტერესებს ჩვენი ისტორიაო და მთელი ამბავი (იცინის). მერე მეუბნებოდა, მესმის, ახალი სიმღერის პრემიერა მაინც რომ გქონდესო. ვუთხარი, გიორგის სიმღერა უკვე თითქმის დასრულებულია და ისე ვიზამ, რომ გიორგის პრემიერას დავამთხვევ-მეთქი. ვფიქრობდი, რომ არ წამოვიდოდა, მაგრამ დააფასა ის, რომ ძალიან მინდოდა მისი იქ ყოფნა, თუმცა საბოლოოდ, ისე აღმოჩნდა, რომ ტელევიზიის შენობის დატოვების შემდეგ გაიაზრა, თუ რატომ იყო მოსული.

გიორგი: განწყობის, დადებითი ემოციის, მხიარული სიმღერაა. მგონია, რომ ყველა ადამიანს ააცეკვებს, იმდენად სხვანაირი რიტმი და ემოციაა.

მსმენელისგან როგორი შეფასება წამოვიდა, სატელევიზიო პრემიერის შემდეგ?

გიორგი: ჯერჯერობით კრიტიკის ქვეშ არ ვართ. ვინც მოისმინა, ყველას მოსწონს და იმედია, ასე გაგრძელდება.

ცირა: ძალიან დადებითი მაჩვენებლებია, ძალიან პოზიტიური გამოხმაურებაა.

მინდა აღვნიშნო, რომ სიმღერაში ბასის პარტია შაკო ღელეყვას ეკუთვნის, გიტარის პარტია კი – შოთა მაისურაძეს. დიდი მადლობა მათ თანამშრომლობისთვის.

 

გიორგი წიკლაური – უშენოდ არაფერია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ცირა ბზიშვილი და გიორგი წიკლაური. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები