27 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ძველი ტანგო“ პრემიერა შედგა. „რადიო დუეტის“ სტუმრებმა მსმენელს სიმღერის „ჩვენ ავაშენებთ სახლს“ ცოცხალი შესრულებაც შესთავაზეს.
ინგა, გავიხსენოთ ყველასთვის ნაცნობი და უბერებელი სიმღერის „საბრძოლო“ შექმნის ისტორია.
ინგა: ეს სიმღერა 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს დაიწერა. სიმღერა ჩემს მეუღლეს, დავით გეგელაშვილს ეკუთვნის. ეს სიმღერა ჩვენი სავიზიტო ბარათია, ხშირად ვასრულებთ ხოლმე, ყველგან ითხოვენ.
გიგი: მთელი დარბაზი მღერის ხოლმე ჩვენთან ერთად, ძალიან უყვართ ეს სიმღერა, რადგან მასში საბრძოლო მუხტი დევს.
ინგა: თითქოს სევდიანია, მაგრამ გამარჯვების სიმღერაა. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ჯარისკაცები ესწრებოდნენ ჩვენს შესრულებას და ფეხზე ამდგარან, როგორც ჰიმნის დროს დგებიან ფეხზე და პატივს მიაგებენ და ასე ფეხზე მდგომები უსმენდნენ ჩვენს სიმღერას.
გიგი: თან ჩვენთან ერთად მღეროდნენ და ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა ჩვენთვის. ეს ისეთი სიმღერაა, რომელიც არასდროს არ მოგბეზრდება, რადგან მთელი გულით არის დაწერილი.
როგორ ფიქრობთ, ზოგადად რა არის საჭირო იმისთვის, რომ სიმღერა რეიტინგული გახდეს?
გიგი: პირველ რიგში, როცა მუსიკოსი ფიქრობს, რომ მოდი, მისამღერს დავწერ ისეთს, რომ ხალხმა აიტაცოს და ა.შ. , როცა გათვლით იქმნება, ის იშვიათად თუ გამოდის ჰიტი, რადგან გათვლები აქვს არა მუსიკალურ მხარეზე, მატერიალურ ინტერესზე ან სხვა რამეზე და ამას ხალხი ყოველთვის გრძნობს. მთავარი ხალხია, თორემ რეიტინგი შეიძლება ბევრმა რამემ დაწეროს. მთელს მსოფლიოში ბევრი უნიჭო ადამიანი გამოდის და ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ უბრალოდ ყურადღებას იქცევს. ძალიან ბევრი სისულელე წერს რეიტინგს.
თქვენი აზრით, რატომ იქმნება ახლა ნაკლებად ღირებული სიმღერები?
ინგა: პანდემიამ ყველაფერს ძალიან შეუშალა ხელი, მთელს მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოშიც, უკან დაიხია შოუბიზნესმაც და კარგი პროდუქტის შექმნამაც. ეს ძალიან დიდ სტრესთან და ემოციებთან იყო დაკავშირებული, რამდენი ჩვენი ახლობელი და რამდენი მუსიკოსი წავიდა ამ ქვეყნიდან ზუსტად ამ პანდემიის გამო და არ გვემღერებოდა.
გიგი: პირადად მე ჩემს ჯგუფთან ერთად ალბომზე მუშაობაც შევაჩერე, რადგან შინაგანად არ მქონდა განწყობა.
გიგი, მოგვიყევი შენს ჯგუფზე და შემოქმედებაზე.
გიგი: წინ ძალიან ბევრი რამ გველის, რადგან ვმუშაობთ ინსტრუმენტულ ალბომზე, „ სინათლის წელიწადი“, რომელიც ძალიან მალე გამოვა და გამოვა კიდევ მეორე, ორ დისკიანი ალბომი. ეს ყველაფერი პანდემიამდე დაიწყო, შემდეგ იყო ერთგვარი პაუზა და ახლა უკვე ერთიანად გამოვა. ორივე ალბომი ძალიან საინტერესო გამოდის.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ძველი ტანგო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ინგა: ესეც ჩემი მეუღლის, დათოს სიმღერაა. ეს მართლაც ისე გამოვიდა, რომ ძველი სიმღერაა, დაწერილია ადრე, მაგრამ აღარ გვიმღერია, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ შევასრულეთ „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“, საახალწლო კონცერტზე და ახლა ამ ახალ წლებზე გავიხსენეთ ეს სიმღერა. სიმღერის არანჟირება ავთო შარაშენიძეს ეკუთვნის.
გიგი: ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, რადგან ძალიან სახალისოა. მათთვის, ვინც ჩვენგან უფრო დრამატულ, პატრიოტულ სიმღერებსაა მიჩვეული, ცოტათი უცხოა. ძალიან გვიხარია, რომ ეს სიმღერა აღვადგინეთ, რადგან შინაგანად ძალიან დადებითი ემოცია აქვს. მამაჩემის ტექსტუალური მხარე მინდა გამოვყო, რადგან აბსოლუტურად ყველა სიმღერაში რაღაც ისტორია ხდება, შესაბამისად, ამ სიმღერასაც თავისი საინტერესო, მელანქოლიური სიუჟეტი აქვს. ეს სიმღერა ძალიან ბევრს თავის ბავშვობას, ახალგაზრდობას და კარგ მოგონებებს გაახსენებს. მართლა ძალიან ლამაზი და საყვარელი სიმღერაა.
გიგი გეგელაშვილი & ინგა ბერაძე – ძველი ტანგო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიგი გეგელაშვილი & ინგა ბერაძე – სახლი. Live
გიგი გეგელაშვილი & ინგა ბერაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი