რადიო „არ დაიდარდომ“ დილა მომღერალ რეზო ბლიაძესთან ერთად დაიწყო. ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ სოლისტმა თავის დილის რუტინაზე გვესაუბრა და მათი ცნობილი ჰიტის ,,ყურსასმენები“ შექმნის პროცესი გაიხსენა.
-რეზო როგორ იწყება შენი დილა?
-ჩემი დილა იწყება თვალების გახელით, მერე მაქვს ერთი ჯადოსნური წამალი, რომელსაც ვსვამ ჭიქა წყალთან ერთად და რომელიც კიდევ დიდხანს უნდა ვსვა. ამ ყველაფრიდან 15-20 წუთის შემდეგ ვიწყებ ნამდვილ ცხოვრებს. დილის პირველი 10 წუთი, გაღვიძებიდან ყავის მომზადების ეტაპამდე, არის ხოლმე გადამწყვეტი თუ, როგორი განწყობით დაიწყება ჩემი დღე. მნიშვნელოვანია, დილიდან მოახერხო კარგი განწყობის შექმნა.
-„დავბრუნდები, რადგან ეს სივრცე ჩემი და შენია“ – ტექსტი თქვენი სიმღერიდან „ყურსასმენები“, რა იგულისხმება ამ ფრაზაში?
– ეს არის სიმღერა, რომელშიც ზოგადად იგულისხმება დიდი იმედგაცრუება და სიმარტოვის განცდა. ეს სიმღერა ძალიან რთულ პერიოდში მაქვს დაწერილი. იმდენად ცუდად ვიყავი, მინდოდა ჩემი განწყობები სწორად და ზუსტად გადმომეტანა, თუმცა, სიმღერის წერის პროცესში ყურსასმენებში ჩემს სხვა სიმღერას ვუსმენდი და საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ სიმღერისთვის სულ სხვა სახე უნდა მიმეცა. გავიაზრე, რომ თუ შენს შინაგან ხმას და მდგომარეობას შეუძლია, მოგცეს ძალა, ეს ძალა უნდა იპოვო და უნდა დაბრუნდე იქ სადაც გსურს ყოფნა. არ უნდა დანებდე არასდროს და არ წახვიდე იმ სივრციდან, რომელიც გიყვარს. აქ არის სივრცე, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და მე ამაში მონაწილეობის მიღების შანსს ვხედავ. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს რადიო-ჰოლდინგს, რადგანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და თქვენ ნამდვილად ხართ ის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს მუსიკოსებს განვითარებაში.
გადაცემის აუდიოჩანაწერი