LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა კუთხურ დიალექტზეა… მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაც სიახლეები შევთავაზო ჩემს მსმენელს…“ – მარიამ ელიეშვილი

140
მარიამ-ელიეშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ მარიამ ელიეშვილი სტუმრობდა. ეთერში მარიამის და ალუდა ჯანაშვილის დუეტის „ჰერული“ პრემიერა შედგა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი დააანონსა.

მარიამ,  როდის და როგორ იწყება შენი დილა, როგორია შენი რუტინა?

გააჩნია, რა გეგმა მაქვს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუ კონცერტი მაქვს, რაც ძირითადად საღამოს პერიოდში არის ხოლმე, შეიძლება, დილით ძალიან ადრე ვერ გავიღვიძო, მაგრამ თუ მაქვს დილის გადაცემები, შვიდზეც დაწყებულა ჩემი დილა.

ერთადერთი, რის გარეშეც ჩემი დილა წარმოუდგენელია, ეს არის დილის გამოსაფხიზლებელი, გემრიელი ყავა.

ვისაუბროთ შენი და ალუდა ჯანაშვილის დუეტზე „ჰერული“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა კუთხურ დიალექტზეა. სიმღერის ჩაწერის ისტორია საკმაოდ სახალისოა. ვიმყოფებოდით ჰერეთში, ალუდას ოჯახში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ სტუმრები ჩამოსულნი. მათი ვიზიტის დროს, ვახშამზე წავიმღერეთ ეს სიმღერა. მისამღერი ძალიან მარტივი დასამახსოვრებელია და იმდენად აიტაცეს, რომ ძალიან ბევრმა უცხოენოვანმა ადამიანმა ახლოს მიიღო ეს სიმღერა. აცეკვდნენ, ამღერდნენ… ძალიან გვთხოვეს ამ სიმღერის სტუდიური ვერსიის გაკეთება…

ალუდას ხმა ძალიან ლამაზად ჟღერს ამ სიმღერაში. მისი დიდი დამსახურებაა, რადგან უმეტესად მის მიერ არის მუსიკალური ინსტრუმენტები შესრულებული. არანჟირება მახო რეხვიაშვილს ეკუთვნის. სიმღერა ალუდა ჯანაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. ტექსტის და მუსიკის ავტორი მალხაზ მუროშვილია.

ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ ჩაიწერა, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტში ტრიალებდა. მაშინვე ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა.

კუთხურ დიალექტზე სიმღერის შესრულება არ გაგიჭირდა?

ალუდა ჰერეთიდან არის და რა თქმა უნდა, ის დამეხმარა სიტყვების სწორად წარმოთქმაში, მაგრამ ვფიქრობ, იმიტომ არ გამიჭირდა, რომ ზოგადად, ქართული ენის გარდა, ბევრ ენაზე ვმღერი. სმენით მარტივად მამახსოვრდება გამოთქმები. სხვა, უფრო რთულ ენებზეც შემისრულებია სიმღერა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ამ ზაფხულს არის პატარ-პატარა კონცერტები. ზოგადად, მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაც სიახლეები შევთავაზო ჩემს მსმენელს, ამიტომ დიდად არ მოგანატრებთ თავს. მალევე დავაპრემიერებ კიდევ ერთ ახალ სიმღერას.

ბოლო პერიოდში, ვცდილობ სხვადასხვა კუთხის სიმღერები შევასრულო და ყველას მოვესიყვარულო. ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი პატარა ქვეყანა.

მარიამ ელიეშვილი & ალუდა ჯანაშვილი – ჰერული

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები