რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ზურა ჩინჩალაძე, დათო ქურიძე და მარიამ ლოლაძე სტუმრობდნენ, გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „მამაშვილობა“ პრემიერა შედგა.
ზურა, მოგვიყევით სიმღერაზე „მამაშვილობა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ზურა: მე და დათომ სადღაც წავიკითხეთ, გოგო იძახდა, ერთადერთი მამაკაცი, რომელიც გულს არ გატკენს მამა არისო და აქედან წამოვიდა იდეა. ქურიძემ ლექსი დაწერა და მერე, მე დავწერე მუსიკა. გადავიღეთ კლიპიც. კლიპი გელა ახალმოსულიშვილმა და მარიამ თხილავამ გადაიღეს.

მარიამ, როგორ აღმოაჩინე ზურა, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა და საიდან გაჩნდა სიმღერის ჩაწერის იდეა?
მარიამი: ბატონი ზურაბი ჩემთვის არის როგორც მამა და თვითონ სიმღერის შექმნის ინსპირაციაც ეს იყო. ისე დავახლოვდით, პიროვნულად ისე ახლოს მოვიდა ჩემთან ბატონი ზურაბი, რომ გადავწყვიტეთ, მამაშვილობაზე შეგვექმნა სიმღერა.
მარიამ, რა ასაკიდან მღერი, მუსიკალური განათლება თუ გაქვს?
ზურა: სხვათა შორის, მარიამი მოცეკვავეა, მაგრამ კარგად მღერის.
მარიამი: დიახ, ქართულ ცეკვას ვცეკვავ ბავშვობიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, სიმღერაც ბავშვობიდან იყო ჩემს ცხოვრებაში. სიმღერა ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. „თეატრალურ უნივერსიტეტში“ ვსწავლობ ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულებით. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ჩემს პროფესიას გავყვე.

მარიამ, ეს შენთვის პირველი ნამუშევარია?
ზურა: არა, ეს მისთვის მესამე სიმღერაა. „ღიმილიანო ბიჭო“ ასეთი სიმღერა დავუწერე, მერე, ძველი სიმღერა მქონდა საცეკვაო და მოცეკვავე რადგან არის, ვაჩუქე, „მოხეური ბალადა“ ასე ჰქვია სიმღერას.

სიმღერის „მამაშვილობა“ ტექსტი კონკრეტულად მარიამისთვის დაწერეთ, თუ მანამდეც არსებობდა?
ზურა: დიახ, მარიამისთვის შევქმენით.
დათო: ეს ზურაბის გადაწყვეტილება იყო, მას უნდოდა, რომ მარიამს ემღერა ეს სიმღერა. ლექსი ცოტა ადრე დავწერე და ზურას წავაკითხე, თუმცა ზოგადად, მე იშვიათად ვახვევ ზურას თავს ლექსს, ჯერ ზურაბი წერს ხოლმე მუსიკას. სიმღერაში მთავარი მუსიკაა, მერე, ადებ მას ლექსს. კომპოზიტორისთვის ეს კარგი რამეა, როცა პოეტს მისი ესმის და მის მუსიკაზე ქმნის ტექსტს. ასე კომპოზიტორს აქვს გასაქანი, რომ თემა ისე განავითაროს, როგორც უნდა.
ნამდვილად გემრიელი მელოდიაა და კარგი დუეტიც არის.

როგორია სამომავლო გეგმები?
მარიამი: სამომავლოდ, ვფიქრობ, რომ კიდევ შევქმნით რამდენიმე კარგ სიმღერას. ამჟამად ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორის, ქალბატონ სოფი რაფაელას სიმღერა მზადდება და მალე მასაც მოისმენს მსმენელი. სიმღერის სახელწოდება არის „ბედი“.
ზურა: მე და ქალბატონმა ნინო სარალაშვილმა უნდა ჩავწეროთ სიმღერა „გულო გუგულო“, რომლის ლექსიც დათომ დაწერა.
ზურა ჩინჩალაძე & მარიამ ლოლაძე – მამაშვილობა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურაბ ჩინჩალაძე, მარიამ ლოლაძე & დავით ქურიძე. “პრემიერა თაკოსთან”