რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ენრიკო ჯანელიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ჩემო აფხაზეთო, ჩემო სამაჩაბლო“ და „ჩიქი ჩიქი“ პრემიერა შედგა.
ბატონო ენრიკო, 19 სექტემბერს თქვენი საიუბილეო საღამო შედგა. მოგვიყევით აღნიშნულ ღონისძიებაზე.
ჩემი საიუბილეო საღამო „ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში“ შედგა. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობრებიც. დაახლოებით, 10 სიმღერა ვიმღერე. დარბაზი სრულად გადაჭედილი იყო, მათ შორის იყვნენ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, ემიგრანტები. იუბილესთან დაკავშირებით მომანიჭეს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, კულტურის დესპანის წოდება და ჩემთვის ყველაზე აღმატებული და დიდებული, ჩვენი პატრიარქის სახელობის პრემიის ლაურეატობა. მეც საპასუხოდ 2 სიმღერა დავწერე, ერთი – „რად მინდა გული, სამშობლოსთვის თუ არ იძგერა“ და მეორე – „ჩემო აფხაზეთო, ჩემო სამაჩაბლო“. აღნიშნული სიმღერის ავტორი მე ვარ, ლექსი მადონა კალანდიას ეკუთვნის. არანჟირების ავტორი ზურა ლალიაშვილი გახლავთ. ეს სიმღერები დარდიანი, სევდიანი, მაგრამ იმედით გამსჭვალულია. ტექსტში ლაიტმოტივად არის შეტანილი – „ნურავინ იტყვის სოხუმი დაეცა, სოხუმი დროებით შევიდა ზღვაში, სოხუმი პატარა ბავშვივით გაგვექცა, ბავშვი კი ყოველთვის ბრუნდება სახლში“.
სიმღერის სატელევიზიო ან საკონცერტო პრემიერა თუ გქონდათ და როგორი რეაქცია მოჰყვა მსმენელის მხრიდან?
დიახ, ეს სიმღერები რამდენიმე არხზე გავაშუქე. სიმღერები სოციალურ ქსელში რომ დავდე, ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. ამან მე დიდი ინსპირაცია მომცა, რომ კვლავ გავაგრძელო მსგავსი სტილის სიმღერების შექმნა. საქართველოს დღეს სჭირდება პატრიოტული სიმღერები.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ჩიქი ჩიქი“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება.
ნამუშევრის საკონცერტო და სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო, დღეს რადიო პრემიერა შედგება. სიმღერა ჩემს სტუდიაში და სტუდიაში „თბილისი“ ჩაიწერა. მხიარული სიმღერაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლირიკული სიმღერა მაქვს, მაყურებელი ჩემგან მაინც უფრო ენერგიულ ნამუშევრებს ითხოვს.
როგორია სამომავლო გეგმები, კიდევ თუ მუშაობთ ახალ სიმღერებზე?
ახლახან მოვამზადე როკენროლების ახალი პოპური.
ენრიკო ჯანელიძე – ჩემო აფხაზეთო, ჩემო სამაჩაბლო
ენრიკო ჯანელიძე – ჩიქი ჩიქი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ენრიკო ჯანელიძე – ბებერი მეარღნე
ენრიკო ჯანელიძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”