რამდენი ხანია რაგბის ელიტარულ ნაწილს კარზე უბრახუნებენ, მაგრამ დროში ჩარჩენილი კონსერვატორი ჩინოსნები ყველანაირ ცვლილებას გაურბიან. ბოლოს კი, როგორც იქნა, ახალი ტურნირის იდეა წამოიჭრა და… აღმოჩნდა, რომ ესეც კიდევ ერთი ჩაკეტილი გათამაშება უნდა ყოფილიყო, სადაც მხოლოდ ისინი ითამაშებენ, ვისაც ფული აქვთ და ვინც აწყობთ. როგორც რაგბის სჩვევია, სპორტული პრინციპი უგულვებელყოფილია.
მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობამ 12-გუნდიანი ჩაკეტილი ტურნირის ჩატარება მოიფიქრა, სადაც ბუნებრივია ჩვენ არავის გავახსენდით. ამან ჩვენშიც და ჩვენაირებში უკმაყოფილება გამოიწვია. მეტიც, ზელანდიელებმა თქვეს იქ არ ვითამაშებთ, სადაც სამოა და ტონგა არ იქნებიანო. როგორც ჩანს, ამდენმა ყვირილმა თავისი ქნა.
მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელმა ბილ ბომონტმა (რომელსაც სერ-ის წოდება აქვს, მაგრამ ფულის იქით ვერ იხედება) განცხადება გაავრცელა და შეხვედრა დაანონსა, სადაც რაგბის მომავალზე ისაუბრებენ.
ჯერ კი ტურნირის რეგლამენტის პროექტი წარადგინეს, რომლის მიხედვით… საქართველოს 6 ერში მოხვედრის შანსი უჩნდება. რა თქმა უნდა, პირდაპირ არავინ ჩაგვსვამს, მაგრამ პლეი-ოფში ბოლოადგილოსანს დაგვაჯახებენ.
პროექტის თანახმად, ლიგა სამ ზონად დაიყოფა. პირველ ჯგუფში 6 ერის წარმომადგენლები და ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ფიჯი და იაპონია შევლენ.
მეორე ჯგუფში საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ტონგა, აშშ, სამოა, ურუგვაი, ჰონგ კონგი და ნამიბია.
გუნდები წრიული სისტემით ითმააშებენ და წარმოიდგინეთ რამდენი კარგი მატჩი გამოგვივა.
ვნახოთ, ეს ჯერ პროექტია, მაგრამ ყინული ხომ დაიძრა, სალაპარაკოს კი დუბლინურ შეხვედრაზე ილაპარაკებენ და აბა რას გადაწყვეტენ.