ევროპელები ბოლო პერიოდში მოგზაურობას შედარებით ახლო დისტანციებზე გეგმავენ. ამის მიზეზი კი, უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად, პანდემიაცაა, – ამის შესახებ BMG- ისთან PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა ისაუბრა.
გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, ამ მიზეზების გამო, ცენტრალური ევროპა საქართველოსთვის 2022 წელს სამიზნე ბაზარი ვერ იქნება.
„მეზობელი ქვეყნებისთვის საქართველო ტურიზმის კუთხით მიმზიდველი მიმართულებაა და ამის თქმის საფუძველს ტურიზმის სტატისტიკა და შემოსავლები გვაძლევს, თუმცა რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, მათთვის არ ვართ მიმზიდველი ქვეყანა, რადგან, როდესაც კონფლიქტის ტერიტორიის გვერდით საქართველო ჩანს და სახელდება, თავისთავად, ტურისტებში შიშს აჩენს. აქედან გამომდინარე, ცენტრალური ევროპისთვის ვართ იმ რეგიონში, რომელშიც ომი მიმდინარეობს,” – აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა BMG – ისთან საუბრისას.
ხიშტოვანმა კომენტარი გააკეთა რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულ მოგზაურებზეც. მისივე განმარტებით, ძალიან გართულდა დეფინირება, თუ ვინ არის ტურისტი და ვინ მაცხოვრებელი. „ადამიანებმა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან ჩამოვიდნენ, ჯერ თვითონაც არ იციან რა სტატუსით არიან საქართველოში,”- განაცხადა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა.