სასტუმრო „შერატონში“ „ქართული ოცნებისა“ და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომლის მთავარი ლოზუნგია, რომ არჩევნებში თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, არა არის ლეგიტიმური.
ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას დემოკრატიაზე თავდასხმას. საქართველოში საზოგადოება გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ არჩევნების გზით.
დემოკრატიაზე თავდასხმა პირველ რიგში არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა პარტიების დაფინანსებაზეც.
კითხვაზე, უნდა დაგფინანსდნენ თუ არა პარტიები ბიუჯეტის ფულით, არჩილ თალაკცვაძე პასუხობს.
„ეს არის ხალხის ფული და ჩვენ დავაკვირდებით საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადებიდან ფული გადაერიცხებათ ოპოზიციურ პარტიებს და მათი გადასაწყვეტია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ფული გადაიხადონ იმაში, რომ გაუწიონ ზედამხედველობა და ოპონირება როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას“, – აცხადებს თალაკვაძე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ეუთო/ოდირთან შეხვედრა მადლობის გადახდით დაიწყო.
„ჩვენ პირველ რიგში მადლობა გადავუხადეთ მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან პოზიტიური დასკვნისთვის. მათ ხასგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და გარდა ამისა გამოიკვეთა, რომ ადამიანის უფლებები ფუნდამენტურად იყო დაცული.
აქედან გამომდინარე მათი დასკვნაც იყო დადებითი“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ განმარტა, რომ ეუთო/ოდირს მიეწოდა ინფორმაცია, რაც ხდება საარჩევნო ადმინისტრაციაში.
„ეუთო /ოდირს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები პარტიების პოზიციასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში მე-10 მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს, რომ ეს ასე არ იქნება“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზუსტობები ყველა არჩევნებს ახლავს თან და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მისივე თქმით, უზუსტობებები აბსოლუტურად ბუნებრივია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ ბევრი პრობლემა შექმნა.
კობახიძის განმარტებით, ეს რადიკალური ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილია, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას არჩევნებამდე სამი დღით ადრე მიაწოდა ინფორმაცია.
„რაც შეეხება ბალანსის დასმას, ამასთან დაკავშირებით მე პირადად ჩავატარე ბრიფინგი, სადაც განვაცხადე იმის თაობაზე, თუ რას აპირებდა რადიკალური ოპოზიცია. მათ ჰყავთ საკუთარი რეგისტრატორები, კომისიის წევრები. მათი ერთ-ერთი ამოცანა იყო ის, რომ ხელი არ უნდა მოეწერათ საკუთარი აქტივისტებისთვის. როგორც კი ერთი ხელმოწერა ვარდება სიაში, მაშინვე ბალანსი აღარ ჯდება.
მეორე მარტივი მანიპულაცია არის ის, რომ როდესაც შენი აქტივისტი შედის კაბინაში, ერთ ბიულეტენს იდებს ჯიბეში, ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი არ ჯდება. ამაზე წინასწარ განვაცხადეთ. ძირითადად ტექნიკურ უზუსტობებზე როცაა საუბარი, საქმე ეხება ერთი და ორი ხმის უზუსტობას. სადაც არის ტექნიკური ხარვეზი, ბალანსი დარღვეული ერთ და ორ ხმაში, ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია სამი დღით ადრე მივაწოდეთ საზოგადოებას”, – განაცხადა კობახიძემ.
„ოცნებისა“ და ეუთო/ოდირის შეხვედრის პარალელურად „შერატონთან“ ოპოზიცირი პარტიების ახალგაზრდული ფრთის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ისინი აცხადებენ, რომ „ოცნებას“ არც ერთ ხმას არ დაუთმობენ.
„ქართული ოცნებისა“ და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დახურული შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ შეკრებილმა აქტივისტებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და „ქართული ოცნების” წევრები შეძახილებით: „წადით, წადით” გააცილეს.