საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება „გაყინა“, უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა“.
მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება და საღი აზრის პოლიტიკა, რომელიც აშშ-დან მოემართება ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებამდე აუცილებლად მიაღწევს“.
მათიკაშვილის თქმით, ამით კიდევ ერთხელ ცხადდება ის გარკვეული ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე მიმდინარეობს.
„ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა – აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება და საღი აზრის პოლიტიკა, რომელიც აშშ-დან მოემართება ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებამდე აუცილებლად მიაღწევს. ზეწოლა იმ ქვეყნის მხრიდან მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მეგობარია. ისტორიულად ჩვენ და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც განათლებისა და სამეცნიერო კუთხით არსებული პროგრამების ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის მექანიზმად გამოყენება ხდება.
ნათელია, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია, რომელიც იყო უკრაინაში ომის დაწყებასთან, საქართველოს ამ ომში არჩართვასთან და რუსეთისთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით, ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენიტეტი და ოჯახური ღირებულებები ჩვენი სამშობლოსთვის არის მთავარი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.