LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის… ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას… გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს: პოლიტიკოსები კოალიციურ მთავრობაზე

219
1

“პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ის ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.” – ეს ამონარიდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ფრანგულმა “კვირის ჟურნალმა” (JDD) გამოაქვეყნა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ბოლო თვეების განმავლობაში საქართველომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი განიცადა, ამოიწურა თუ არა ის სრულად – პრეზიდენტი პასუხობს, რომ “მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს”.

პრეზიდენტის განცხადებას კოალიციური მთავრობის აუცილებლობის შესახებ, დღეს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ:

 

  “უტოპიურად ჟღერს” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი პრეზიდენტის მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ქვეყანას სწორედ კოალიციური მმართველობა სჭირდება.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის და რომ კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, გიორგი გახარიასთან და ნებისმიერ სხვა პარტიასთან.

მაგალითად, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არ აქვს:

“კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს დაესახელებინა, თანამშრომლობა პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი. არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში “ქართული ოცნების” არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც, პარტიამ ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს.

საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არ აქვს. როდესაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ ვიცოდით, რომ მას გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე შეიძლება სხვა მოსაზრებები ჰქონოდა და ამ თვალსაზრისით ასეთი პრეზიდენტის ხიბლი მეტია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს მისგან განსხვავებული პოზიცია არ უნდა გვქონდეს და თუნდაც აღნიშნული საკითხი სადაო იყოს.” – ამბობს ვოლსკი.

 

“ეს საკითხი ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის” – კახა კალაძე 

როგორც თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აღნიშნავს, ეს საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის და ეყოლება თუ არა ქვეყანას კოალიციური მთავრობა, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს:

“სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.” – თქვა კალაძემ.

“პრეზიდენტი მონა აღარ არის?” – ირაკლი ქადაგიშვილი 

მსგავსი მოსაზრება აქვს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით დასრულდება:

“პრეზიდენტი მონა აღარ არის? გახსოვთ, რომ თქვენი ტელევიზიები სალომე ზურაბიშვილს “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მონას ეძახდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ.

ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე. ამას გულისხმობს საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, ალბათ, პრეზიდენტიც ამას გულისხმობს. ზოგადად, განცხადებები ჰარმონიულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე კარგია, მაგრამ ამას მხარს უნდა უმაგრებდეს ამომრჩევლის არჩევანი. 2020 წელს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, რაც დღეს გვაქვს. 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები აქამდე მივალთ.” – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

“თანდათან დისტანცირდება “ქართული ოცნებისგან” და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას” – ანა დოლიძე

 

პრეზიდენტის იდეას აფასებს პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძეც და ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება მისასალმებელია.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება “ქართული ოცნებისგან” და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას. სხვაობა კი არის ის, რომ ეს ხდება უფრო გვიან:

მისასალმებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ მოამზადოს ჩვენი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა კოალიციური მმართველობის იდეისათვის. როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა.

რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაც პრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება.

აშკარაა, სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას. სხვაობა ისაა, რომ ეს ხდება უფრო გვიან. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგნელის ფუნქციას.” – ამბობს დოლიძე.

 

“ეს ჩვენს შეხედულებებს ემთხვევა” – ბადრი ჯაფარიძე 

სალომე ზურაბიშვილის მოსაზრების მხარდამჭერთა სიაშია პარტია “ლელოც”.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ეს მოსაზრება მათი პარტიის შეხედულებებს ემთხვევა:

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ვეთანხმები და ეს ჩვენს შეხედულებებს ემთხვევა. ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, რადგან ერთპარტიულმა, ავტოკრატიაში გადაზრდილმა მმართველობამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჭაობში, საიდანაც გამოსვლა 2 ოქტომბერს, არჩევნების შედეგად უნდა დავიწყოთ.” – ამბობს ჯაფარიძე.

 

“ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს” – გიგა ბოკერია

 

“ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება.” – ასე აფასებს პრეზიდენტის განცხადებას “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

“ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია.” – ამბობს ბოკერია.

magti 5g