ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას – უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს.
ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება.
„ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით”, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას – უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე”.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა „უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა”.