ესპანეთის მთავრობამ უძრავი ქონების გაქირავებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმა Airbnb არალიცენზირებული ბინების რეკლამირებისთვის (მათ შორის ისეთების, რომელთა გაქირავებაც კანონით აკრძალულია), 64 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
ხელისუფლების შეფასებით, საცხოვრებელი ფართის მოკლევადიანი, ტურისტული მიზნით უნებართვოდ გაქირავება აუარესებს უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობას, ზრდის ფასებს, ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებლის გარეშე ტოვებს, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქების ზოგიერთ უბანში კი სრულიად ცვლის სოციალურ ცხოვრებას.
Airbnb-ი ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Airbnb მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანეთის საბინაო მშენებლობის სამინისტროსთან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში საცხოვრებელი ფართის ხანმოკლე დროით გაქირავების წესები შეიცვალა.
