LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტაფეტა გადაცემულია: არჩევანის დილემა და ადამიანზე ჭკვიანი ინტელექტი – რა მოხდება 2025-ში

127
future-vision-world-in-2025-8-predictions-for-the-next-10-years

2025 წელი ახალი დაწყებულია, ჯერ სულ რაღაც ორი კვირაა გასული, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკაში ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, რომელსაც ჯერ თანამდებობა ოფიციალურად არც უკავია, ისეთები დააანონსა, სადღესასწაულოდ აღარავის სცალია. საახალწლო დღესასწაული საქართველოშიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ახლა ჩვენთანაც განსხვავებული ვითარებაა, პროტესტი გრძელდება. მოკლედ, 2025-მა 2024-ის ესტაფეტა გადაიბარა.

2025 წლის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ევროპის მომავალს

2025 წელი შესაძლოა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების წელიწადი გამოდგეს. გერმანიაში ბუნდესტაგის რიგგარეშე არჩევნებია, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩანიშნეს რუმინეთში, რეფერენდუმია პოლონეთში… სია გრძელია.
2024 წელიც არჩევნების იყო და აღინიშნა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნებით, ევროკავშირის არჩევნებში მემარჯვენე პარტიების გაძლიერებით, დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური გადანაცვლებით კონსერვატორებიდან ლეიბორისტებზე და ნარენდრა მოდის კიდევ ერთხელ არჩევით ინდოეთის პრემიერ-მინისტრად.
წელს დაგეგმილი არჩევნების ჩამონათვალიც შთამბეჭდავია და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია შესაძლო შედეგების გამო. შეიძლება ითქვას, რომ ევროპას ერთგვარად გამოცდის ჩაბარება უწევს, საით აიღებს კურსს. სასწორზე – ულტრამემარჯვენეობა, რუსული გავლენები და არსებული სისტემის შენარჩუნება დევს.

გერმანია: ევროასპარეზზე დაბრუნება?

მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცს უნდობლობა გამოუცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს დაინიშნა.
საარჩევნო კამპანიის პიკზე, 20 დეკემბერს, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა მოხდა. მთავარი ეჭვმიტანილი საუდის არაბეთიდან ლტოლვილი ექიმია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა თქვა, რომ თავდამსხმელს ისლამოფობიური შეხედულებები ჰქონდა. ინციდენტმა ანტიმიგრანტული განწყობის გაძლიერება გამოიწვია, განსაკუთრებით გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონებში.
INSA-ს ბოლო გამოკითხვის საფუძველზე, ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების დაახლოებით 20.5% აქვს.
კანცლერის პოსტზე აშკარა ფავორიტი კი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახლავთ.
მერცი, რომლის კარიერა ჰელმუტ კოლის დროს დაიწყო, უფრო ინტეგრირებული ევროპის მომხრეა, აკრიტიკებს ევროპის დიდ დამოკიდებულებას შეერთებულ შტატებზე და მოუწოდებს უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებას.

რუმინეთი: საპრეზიდენტო რბოლა გარე ჩარევებით

რუმინეთის მოქალაქეები 2025 წელს კვლავ მივლენ არჩევნებზე მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. მოსამართლეებმა საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნებში უცხოეთიდან შესაძლო ჩარევით ახსნეს.
მეორე ტურში გადავიდნენ ცენტრისტი, პროევროპული კანდიდატი ელენა ლასკონი და ულტრამემარჯვენე, პრორუსული კანდიდატი კალინ გეორგიესკუ. ამ უკანასკნელის მოულოდნელ წარმატებას ბევრი უკავშირებს სოციალურ ქსელებში მისი პოპულარობის მკვეთრ ზრდას და TikTok-ზე მხარდაჭერის კამპანიას. რუმინეთის სპეცსამსახურები კრემლის კვალზე საუბრობენ.

პოლონეთი: ტუსკის გამოცდა

ანალიტიკოსები მაისში დაგეგმილ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავენ როგორც რეფერენდუმს დონალდ ტუსკის მთავრობისადმი ნდობის საკითხზე, რომელიც ხელისუფლებაშია 2023 წლის დეკემბრიდან და სხვადასხვა პარტიას აერთიანებს.
საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტები ორი ძირითადი პარტიის წარმომადგენლები არიან. ესენი გახლავთ ვარშავის მერი სამოქალაქო პლატფორმიდან რაფალ ტშასკოვსკი და უპარტიო ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი.

იტალია: მელონის მთავრობის სტაბილურობა

სექტემბერში პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშე დადგება, რადგან იტალიის ექვს რეგიონში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ეს აჩვენებს კმაყოფილი არიან თუ არა იტალიელები მთავრობის მუშაობით. გასული წლის ნოემბერში მემარჯვენე ცენტრისტული კანდიდატები მემარცხენეებთან დამარცხდნენ რეგიონალურ არჩევნებში ემილია-რომანიასა და უმბრიაში. ეს კი აშკარად სამწუხარო შედეგია მელონისთვის.

ჩეხეთი: „ევროსკეპტიციზმის ღერძი “

საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში ოქტომბერში გაიმართება.
ბოლო გამოკითხვებით პოპულისტი ანდრეი ბაბისი ლიდერობს, ხმების 34.5%-ით. ეს ბევრად მეტია, ვიდრე კონსერვატორი პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას სავარაუდო 13.7%.
ბაბისის გამარჯვება გააძლიერებს ცენტრალურ ევროპაში „ულტრამემარჯვენე ღერძს“, რომელიც შედგება უნგრელი ვიქტორ ორბანისა და სლოვაკი რობერტ ფიცოსგან. ყოფილ მილიარდერს „ჩეხეთის ტრამპი“ უწოდეს. იგი მხარს უჭერს მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას, ასევე ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ძალიან ხელსაყრელია რუსეთისთვის.

ხორვატია: „ნაციონალისტის“ პერსპექტივა

ხორვატებმა რესპუბლიკის პრეზიდენტი უკვე აირჩიეს. ზორან მილანოვიჩმა მეორე ვადით იყარა კენჭი და მეორე ტურში დამაჯერებლად მოიგო.
პრეზიდენტი საკუთარ თავს „ნაციონალისტს“ უწოდებს და ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას და ხორვატი ჯარისკაცების მონაწილეობას ნატოს მისიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებაში.
მილანოვიჩს ხშირად დონალდ ტრამპს ადარებენ ოპონენტებთან მიმართებით აგრესიული სტილის გამო და პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩისა და მისი მთავრობის დიდი მოწინააღმდეგეა.
მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებისა, ბევრი მიიჩნევს, რომ ხორვატიაში პრეზიდენტის თანამდებობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ძალების ბალანსისთვის.

გაერთიანებული სამეფო: რამდენ ხანს დაუჭერენ მხარს ლეიბორისტებს?

1 მაისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება ინგლისის საოლქო საბჭოების არჩევნები, რომელიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდა ხელისუფლებაში დაბრუნებული ლეიბორისტებისთვის.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლეიბორისტებსა და კონსერვატორებს ისტორიულად დაბალი მხარდაჭერა აქვთ.

ნორვეგია: მარჯვნივ გადახვევის რისკი?

8 სექტემბერს ნორვეგიაში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს 169-მანდატიანი სტორტინგის შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო პრეტენდენტებს დაასახელებს.
ბოლო გამოკითხვები აჩვენებს მემარჯვენე პარტიებისკენ გადახრის ტენდენციას.

ირლანდია: ვინ ჩაანაცვლებს „დიდი ხნის პოლიტიკოსს“?

ნოემბერში ირლანდიელები მივლენ არჩევნებზე, რათა აირჩიონ ახალი პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსის ნაცვლად, რომელიც ბოლო 14 წელია თანამდებობას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის როლი ამ ქვეყანაში ძირითადად საპატიოა, მას აქვს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა, როგორიცაა კანონპროექტების ხელმოწერა და ირლანდიის წარმომადგენლობა მსოფლიო ასპარეზზე.
საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა ოფიციალურად ჯერჯერობით არცერთ კანდიდატს არ გამოუცხადებია.

ბელარუსი: ალტერნატივის გარეშე

არჩევნები 26 იანვარს არის დაგეგმილი და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რაიმეს შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა. ლუკაშენკომ უკვე გააფრთხილა, რომ ბელარუსებს შეუწყვეტს ინტერნეტთან წვდომას, თუ 2020 წლის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება კენჭისყრის დროს ან მის შემდეგ.

რუსეთი: უკომენტაროდ

სექტემბერში რუსეთში გაიმართება სახელმწიფო სათათბიროს დამატებითი არჩევნები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები.
თუმცა, ცოტას თუ სჯერა გამჭვირვალობის, ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობისა და ოპოზიციის ლიკვიდაციის გათვალისწინებით.

მოლდოვა: ევროინტეგრაციის მომხრეები პრორუსული ზეწოლით

მოლდოვას რუსეთის ჩარევის მცდელობები ემუქრება. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ბოლო რეფერენდუმში ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს და მხოლოდ 50.35% მოიპოვეს. პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ კი მეორე ტურში აირჩიეს.
საპრეზიდენტო პარტია PAS 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. თუ ის უმრავლესობას ვერ აიღებს, მაშინ დაძაბული დაპირისპირება ექნება სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომელთაგან ყველა არ არის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე. მაია სანდუსთვის ეს არჩევნები იქნება „ბოლო ბრძოლა“ მოლდოვას ევროპულ გზაზე, ქვეყანაში, რომელშიც პრორუსული ოპოზიცია ჯერ კიდევ ძლიერია.

საქართველო: რას დაადასტურებს ადგილობრივი არჩევნები?

ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია.
მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

ტრამპი კი და ტრამპი ვერა

The Economist-ის რამდენიმე სხვადასხვა ავტორმა საკუთარი ხედვა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს.
სტატიაში „სად შეიძლება დონალდ ტრამპის შეკავება – და სად არა”, ჟურნალის ამერიკული რედაქციის ხელმძღვანელი ჯონ პრიდო ამბობს, რომ სასამართლო სისტემა და კანონები არ მისცემს ტრამპს უფლებას განახორციელოს ყველა თავისი საარჩევნო დაპირება. ასევე სავარაუდოა, რომ ის გააუქმებს ელექტრომობილების წახალისებას, მოაწესრიგებს ეკონომიკას და შემოიტანს 20%-იან ტარიფებს იმპორტზე. თუმცა ამას კონგრესის თანხმობა დასჭირდება.
ამავდროულად, პრიდო მიიჩნევს, რომ ტრამპი ვერ შეძლებს შეერთებული შტატებიდან არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას.

მიგრაცია.
The Economist-ის რედაქტორის მოადგილის რობერტ გესტის სტატია „მიგრაციის წესების მომავალი გამკაცრება“ პროგნოზირებს, რომ ბევრი მდიდარი ქვეყანა გაამკაცრებს წესებს მიგრანტებისთვის. ყველაზე მეტი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია შეერთებული შტატებისგან, სადაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა მასობრივი მიგრაციის შემცირების დაპირებით.
ჟურნალის ლათინური ამერიკის კორესპონდენტი, კინლი სელმონი, სტატიაში „მიგრაციის ზეწოლა იზრდება – მაგრამ ასევე იზრდება წინააღმდეგობა“, აღნიშნავს, რომ ეკონომიკური მიზეზები კვლავ აიძულებს ბევრ ლათინოამერიკელს ემიგრაციაში წავიდეს.

სხვადასხვა

The Economist-ის ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სპეციალური ნომერი – პროგნოზი მომავალი წლისთვის, World Ahead 2025.

გამოცემის ექსპერტები პროგნოზირებენ ცენტრალური ბანკის განაკვეთების შემცირებას განვითარებულ ქვეყნებში, სავაჭრო ომებს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ჩინური კომპანიების ტრანსფორმაციას დასავლური სტანდარტების შესაბამისად, ტურისტული აქტივობის შენელებას და ბევრ სხვას.

პლანეტაზე ადამიანების 12% იქნება 65 წელზე უფროსი ასაკის, მაგრამ გლობალური ჯანდაცვის ხარჯები დარჩება მშპ-ს 10%-ზე;

მთავრობები ხელს შეუწყობენ სხვადასხვა გარემოსდაცვით ინიციატივებს. ეს გამოიწვევს ენერგიის მოხმარების გაზრდას განახლებადი წყაროებიდან;

ელექტრომობილების გაყიდვები მსოფლიოში მეოთხედით გაიზრდება. თუმცა რადგან შორ მანძილზე დატენის გარეშე ვერ გადაადგილდება, ეს ბევრ პოტენციურ მყიდველს აიძულებს უარი თქვას მის შეძენაზე;

ავიაკომპანიები მთელ მსოფლიოში დადებენ პირობას, რომ შეამცირებენ ნახშირბადის გამონაბოლქვს, ასევე შეიძენენ ახალ თვითმფრინავებს. ტურისტების რიცხვი, რომლებიც დაფრინავენ მთელს მსოფლიოში, 1.6 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება;

მთელ მსოფლიოში უძრავი ქონების ბაზრები შეირყევა. საცხოვრებლის ფასები მაღალი დარჩება, აი ჩინეთში კი დაეცემა;

მწვანე ენერგიის ინიციატივები მოითხოვს დიდ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, როგორიცაა ელექტრომანქანების ბატარეები და კაბელები. ყველაფერი გაძვირდება – სპილენძიდან ფოლადამდე.

ანალიტიკურმა კომპანია EIU-მა ასევე გასცა ცალკეული პროგნოზები გარკვეული დარგებისთვის.

მსოფლიო მშპ. მოვლენების ნორმალურ ვითარებაში, EIU-ის ანალიტიკოსები გლობალური ეკონომიკის 2.5%-ით ზრდას ელიან.

საავტომობილო ბაზარი. ავტომობილების გაყიდვები მხოლოდ 2%-ით გაიზრდება, მაგრამ ელექტრომანქანები უფრო სწრაფი ტემპით გაიყიდება.

ენერგია. გლობალური ენერგიის მოხმარება 2%-ით გაიზრდება.

საკვების ფასები. კვების პროდუქტების უმეტესობაზე ფასი დაიკლებს მიწოდების ზრდასთან ერთად. მაგრამ გლობალური მომხმარებელი მაინც დახარჯავს 6%-ით მეტს სასურსათო პროდუქტებზე, ვიდრე 2024 წელს.

საცალო ვაჭრობა. გლობალური საცალო გაყიდვები 2%-ით გაიზრდება.

ტელეკომი. 5G-ის აბონენტების რაოდენობა 25%-ით გაიზრდება და 2.8 მილიარდს მიაღწევს.


ხელოვნური ინტელექტი: საფრთხე თუ განვითარება

ადამიანის განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილია ხელოვნური ინტელექტისკენ. ის, როგორც ჩანს, ნახტომსაც გააკეთებს და საზღვრებსაც გააფართოებს. მილიარდერ ილონ მასკის თქმით, 2025 წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება. მისი ვარაუდით, 2030 წლისთვის AI ყველა ადამიანის ინტელექტს გადააჭარბებს.

მსგავს პროგნოზს აკეთებს სემ ალტმანი, OpenAI-ის ხელმძღვანელი. ის დარწმუნებულია, რომ 2025 წელს იარსებებს ახალი ზოგადი დანიშნულების AI, რომელიც შეძლებს შეასრულოს სხვადასხვა გონებრივი ამოცანები ადამიანის დონეზე.

ცნობილი ფუტუროლოგი და ისტორიკოსი იუვალ ნოი ჰარარი აღნიშნავს, რომ 2025 წელს ხელოვნური ინტელექტი აქტიურად იქნება ინტეგრირებული სხვადასხვა სოციალურ სტრუქტურებში, დროთა განმავლობაში კი ის მათი შეუცვლელი კომპონენტი გახდება.
ჰარარის აზრით, 2025 წელს ხელოვნური ინტელექტი შეძლებს კაცობრიობაზე სერიოზულ ზეგავლენას. ნეიროქსელები უფრო და უფრო მეტ ყალბ ამბებს დაწერენ, რეალობის აღქმას დაამახინჯებენ. ხელოვნური ინტელექტი გახდება ციფრული ილუზიების სპეციალისტი.

ასევე კეთდება პროგნოზები, რომლებიც ფრთხილ ოპტიმიზმს იწვევს. ახალი ტექნოლოგიები (მათ შორის ზედმეტად ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი) ხელს შეუწყობს წამლების განვითარებას, კლიმატის მოდელების გაუმჯობესებას და კოსმოსის შესწავლას.


რა უთხრა ფორტუნას ხელოვნურმა ინტელექტმა საქართველოზე

ხელოვნურ ინტელექტს არც „ფორტუნამ“ აუარა გვერდი და ჩვენც ვკითხეთ 2025 წლის პროგნოზი ChatGPT-ის საქართველოსთან მიმართებაში. აი რა გვითხრა მან:

არსებული ინფორმაციისა და 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებზე დაყრდნობით, საქართველოს პროგნოზი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ძირითად პუნქტებს:

  1. უწყვეტი პოლიტიკური პოლარიზაცია
    შიდა ბრძოლები: მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის უთანხმოება, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. თუ პროტესტი გაგრძელდა, 2025 წელს შესაძლოა დაპირისპირება გაძლიერდეს.

  2. გეოპოლიტიკური ზეწოლა
    ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევები: მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ძლიერია ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, შიდა არასტაბილურობამ და დემოკრატიულ რეფორმებში რეგრესიის აღქმამ შესაძლოა პროცესი შეანელოს. ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა მოითხოვონ უფრო მკაფიო რეფორმები და ვალდებულებები.
    რუსული გავლენა: რუსეთის დესტაბილიზაციის ტაქტიკა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, შეიძლება გაძლიერდეს, თუ საქართველო დაუახლოვდება ევროკავშირს ან ნატოს. მოსკოვმა შესაძლოა გამოიყენოს ჰიბრიდული ომის ტექნიკა, მათ შორის დეზინფორმაცია და მარიონეტული ჯგუფები, რათა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი.

  3. ეკონომიკური გაურკვევლობა
    ვაჭრობა და ინფრასტრუქტურა: ვინაიდან ძირითადი გლობალური სავაჭრო გზები რეგიონზე გადის, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ მთავრობა გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს. თუმცა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ინვესტიციების ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებაში.

  4. სოციალური მოძრაობები და სამოქალაქო ჩართულობა
    2024 წლის ბოლოს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მიანიშნებს სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობაზე. ამ იმპულსმა შეიძლება ხელი შეუწყოს მთავრობის მეტ ანგარიშვალდებულებას.
    თუმცა, ხანგრძლივმა პროტესტებმა მკაფიო შედეგების გარეშე შეიძლება გამოიწვიოს დაღლა ან იმედგაცრუება, საზოგადოების ნდობის შესუსტება პოლიტიკური ლიდერების მიმართ.

  5. უსაფრთხოების საკითხები
    საზღვრის არასტაბილურობა: რჩება ლოკალური კონფლიქტების რისკი სეპარატისტულ რეგიონებთან, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის სამხედრო ყოფნამ ამ რეგიონებში შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს, თუ გეოპოლიტიკური სიტუაცია გაუარესდება.
    საშინაო უსაფრთხოება: მზარდმა ნაციონალიზმმა და პოლარიზებულმა პოლიტიკურმა რიტორიკამ შეიძლება გაამწვავოს ეთნიკური და სოციალური განხეთქილება და შექმნას შიდა უსაფრთხოების დამატებითი გამოწვევები.

    პროგნოზი
    საქართველო 2025 წელს მზად არის გზაჯვარედინზე დარჩეს. მისი სტრატეგიული მდებარეობა და მზარდი სამოქალაქო აქტივიზმი წარმოადგენს პროგრესის შესაძლებლობებს, მაგრამ ეს დიდწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ კომპრომისსა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე. მნიშვნელოვანი რეფორმებისა და შიდა პოლარიზაციის შემცირების გარეშე, ქვეყანას ემუქრება სტაგნაცია ან თუნდაც რეგრესი. პირიქით, თუ მთავრობა და ოპოზიცია გამონახავენ თანამშრომლობის გზას, 2025 წელი შეიძლება გახდეს სტაბილური და აყვავების დასაწყისი საქართველოსთვის.


როგორ ვიმოგზაურებთ 2025-ში

ინფლუენსერები წლებია ცდილობენ ისაუბრონ სოლო მოგზაურობის შესახებ. მაგრამ 2025 წელს ბევრს (ისევე როგორც 2024-ში) მოსწყინდება მარტო მოგზაურობა. ხალხს სჭირდება ხალხი.
ახალ წელს მოგზაურები უფრო მეტად დააფასებენ კავშირებს, ვიდრე ოდესმე.
ხალხს მიიზიდავს ისეთი მოგზაურობები, სადაც ნამდვილად შეუძლიათ დაისვენონ – ქაოსიდან, გიჟური რიტმიდან და რუტინიდან მოშორებით. მეტიც, ე.წ. „რბილ მოგზაურობას“ არ ექნება რაიმე უნივერსალური ფორმატი, თითოეულს საკუთარი მიდგომა სჭირდება.
სოციალური ქსელებისგან თავის დაღწევა და ინტერნეტის მთლიანად გათიშვა ზედმეტად რადიკალური გამოსავალია, მაგრამ არდადეგების დროს ძალიან კარგ გეგმად ჟღერს. ონლაინ ბილეთების სერვისის Opodo-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო გლობალურმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ მოგზაურთა დაახლოებით 30% უკვე ამჯობინებს ოფლაინში ყოფნას მოგზაურობისას. როგორც ჩანს, ეს რიცხვი გაიზრდება.

ზაფხულის არდადეგები გრილ ნორდიკულ ქვეყნებში – ახალი ნორმა გახდება.
სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნები – ისლანდია, დანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა – აქტიურად სთავაზობენ საკუთარ თავს, როგორც სიცხისგან თავის დაღწევის საშუალებას.

აქაც ChatGPT.
ადამიანები გეგმავენ მოგზაურობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ირჩევენ მიმართულებებს, სასტუმროებს, რესტორნებს, გართობას, ჯავშნიან მისი საშუალებით და დაელოდებიან, კიდევ რას შესთავაზებს მათ ხელოვნური ინტელექტი. ჰორიზონტზე დიდი პერსპექტივებია. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, მოგზაურობა მალე შეიძლება გახდეს ძალიან პერსონალიზებული და უნიკალური. მოგზაურობები შეირჩევა და ჩამოყალიბდება კონკრეტული ადამიანის სურვილების მიხედვით. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს შექმნას საიმედო მარშრუტები და რეალურ ადამიანებზე უკეთესად აირჩიოს.

დასკვნა

ეს პროგნოზები შეხსენებაა, რომ სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩანს. ეს არ არის ზუსტი პროგნოზები, მაგრამ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ მომავალზე, რა გველოდება. 2025 წელს შესაძლოა გავხდეთ ისეთი მოვლენების მოწმენი, რომლებიც გუშინ შეუძლებელი ჩანდა.


ფოტო: defense
euronews
19thnews
singularityhub
economistgroup
futureagenda
bravenewcoin
NIkoloz Urushadze
yahoo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g