ესტონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის, ETV | ERR-ის პოპულარული სამოგზაურო პროგრამა Travel With Me-ის გადამღები ჯგუფი ეწვია.
ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას მოამზადებენ და ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტები საქართველოს შესახებ ესტონეთის ტელევიზიით 6 და 13 ოქტომბერს გადაიცემა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს: თბილისი, მცხეთა, ანანური, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ყვარელი და ნაფარეული. ასევე ესტონელი ჟურნალისტები გაეცნენ ქართულ კულტურას, კულინარიასა და ღვინის დამზადების წესებს.