ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო განცხადება, რომლის მიხედვით, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა დაიცვას და მხარი დაუჭიროს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და აქციის მონაწილეებს.
განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 59-მა წევრმა, ხოლო ცხრა წინააღმდეგი იყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ესტონეთის პატივს სცემს ყველა ქვეყნის უფლებას, რომ დემოკრატიულად აირჩიონ გზა საზოგადოებრივი მოწყობისა და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში, „შესაბამისად, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას მჭიდრო თანამშრომლობით და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.
„გასული ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი მზარდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს რუსეთის ფედერაციის გავლენის აქტივობებს ქართული საზოგადოების პოლარიზებასა და საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევაში. გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, იყენებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დასათრგუნად“, -ნათქვამია განცხადებაში.
ამასტან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ესტონეთის პარლამენტი არ აღიარებს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობას, ასევე ლეგიტიმურ პრეზიდენტად ესტონეთის პარლამენტში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და მხარს უჭერენ მის ძალისხმევას ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისის დასრულებისთვის“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პარლამენტი მხარს უჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში, რომლებიც ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გარდაუვალია საკონსტიტუციო კრიზისის გადასაჭრელად და დემოკრატიის აღსადგენად, ასევე გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ რეპრესიებს მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით და მოუწოდებს, შეწყდეს ნებისმიერი ძალადობა ან დევნა, ასევე გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი“.
ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს სხვა ეროვნულ პარლამენტებს, „დაგმონ საქართველოში მმართველი რეჟიმის ძალადობრივი ქმედებები“.
„ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს, მკაცრად შეიზღუდოს ურთიერთობა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან იქამდე, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება და მხარდაჭერა გამოუცხადოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, თავისუფალ მედიას, რომლებიც, დაშინებისა და დევნის მიუხედავად, თავისუფალი საზოგადოების სახელით მუშაობას აგრძელებენ. პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც იცავს საკუთარ უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და საქართველოს მომავალს ევროკავშირში“, – ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში.