საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა.
საკანონმდებლო პაკეტის შესახებ დღეს ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით აღნიშნული პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს, როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად სიახლეებზე: რომლებსაც საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს:
➤ საარჩევნო სისტემა – გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი;
➤ საარჩევნო ადმინისტრაცია – საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება რვა პროფესიული და ცხრა პარტიული წევრით პარიტეტის პრინციპის დაცვით;
➤ საარჩევნო პროცედურები – დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა, აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა, აიკრძალება საოლქო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გაიზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები.
“შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა, შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.
საარჩევნო აგიტაცია-ადმინისტრაციული რესურსი – აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.” – თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის პუნქტები, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო სისტემას და პროცედურებს. მისივე განმარტებით, მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, არის საარჩევნო ბარიერი:
“როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. თუმცა ამისათვის სჭიროა რომ პარლამენტში მუშაობდეს დეპუტატთა ის რაოდენობა – 113 დეპუტატი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის.” – თქვა პაპუაშვილმა.