LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Etsy.com საქართველოში „ბრუნდება“

856
ლევან მოლაშვილი

ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე Etsy.com, სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების (და არა მხოლოდ) გაყიდვა ისევ იქნება შესაძლებელი. საქართველოდან ვაჭრობის განახლების ვადებსა და პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცედურებზე „ბიზნესნიუსში“ ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან მოლაშვილმა ისაუბრა:

– Etsy.com ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით ყველაზე დიდი ამერიკული პლატფორმაა. მისი ძირითადი მომხმარებლები აშშ-ის, კანადის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან. დღევანდელი მონაცემებით, აშშ-ში E-commerce პლატფორმებს შორის ის მეოთხე ადგილზეა, Amazon-ის, eBay-სა და Walmart-ის შემდეგ.

Etsy.com-ზე ძირითადად 3 ტიპის პროდუქცია იყიდება: ხელნაკეთი ნივთები, ციფრული პროდუქცია და ე.წ. ვინტაჟური საქონელი (დაახლოებით, 1960 წლამდე დამზადებული). აღნიშნულ პლატფორმაზე პროდუქცია მინიმალური დანახარჯებით თავსდება. რაც მთავარია, განსხვავებით Amazon-ისგან, სადაც ჯერ პროდუქციის გაგზავნაა საჭირო და გარკვეულ ფინანსურ რისკებს მოიცავს, Etsy.com დაზღვეულია ამისგან – პლატფორმაზე რეგისტრირებული პირი უბრალოდ ანთავსებს საკუთარ ნამუშევარს, ელოდება მომხმარებლის გამოხმაურებას და გაყიდვის შემდეგ უგზავნის მას პროდუქციას.

– როგორ იზღვევს თაღლითობისგან თავს Etsy.com?

– თაღლითობა, ზოგადად, პრობლემური საკითხია ელექტრონული კომერციის ბაზრისთვის. სწორედ მაღალი რისკები იყო ის ერთ-ერთი გარემოება, რომლის გამოც Etsy.com-ზე რეგისტრაცია საქართველოში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სამი წლით შეიზღუდა. პრობლემის მთავარი წყარო საგადასახადო სისტემა გახლდათ. აქამდე Etsy იყენებდა PayPal-ს, რომელიც დამოუკიდებლად ოპერირებს და რომელსაც რისკები პროცენტებში აქვს შეყვანილი. თუმცა Etsy-სთვის ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ეს მიდგომა არ აღმოჩნდა საკმარისი და Payoneer-ს, ახალ საგადასახადო სისტემას მიმართა, რომელიც, დაახლოებით, ორი კვირის მანძილზე აკავებს პროდუქციაში გადახდილ თანხას, აკვირდება, გაიგზავნა თუ არა პროდუქცია მომხმარებელთან, წარადგინა თუ არა გამყიდველმა ე.წ. Traking Code, რომლითაც შესაძლებელია გაკონტროლდეს ამანათის ადგილმდებარეობა. საწყის ეტაპზე ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ ახალ გამყიდველებს, რადგან ნებისმიერი სისტემა დიდ ყურადღებას აქცევს ვაჭრობის ისტორიას, თუმცა წინაღობები, რამდენიმე წარმატებული გაყიდვის შემდეგ, მცირდება, იზრდება სანდოობა, რის საფუძველზეც სისტემა პროდუქციაში გადახდილ თანხას უკვე პირდაპირ რიცხავს.

– რა პროცედურები უნდა გავიაროთ Etsy.com-ზე რეგისტრაციისთვის?

– რეგისტრაცია რთული არ გახლავთ, თუმცა ბევრი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ჩვენი მაღაზია დაიბლოკოს და მისი აღდგენა უკვე მართლაც დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

რეგისტრაციის პროცესი შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ – საგადასახადო სისტემაში რეგისტრაცია და უშუალოდ მაღაზიის რეგისტრაცია. საგადასახადო სისტემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გახლავთ Payoneer – ეს არის საშუამავლო ბანკი, რომელშიც რეგისტრაცია სრულიად უფასოა. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული საბანკო ანგარიშის ამერიკული ვირტუალური ბანკის ანგარიშთან დაკავშირება ხდება. ტექნიკურად ნამდვილად არ არის რთული პროცესი, უბრალოდ, ვალიდურობას შეამოწმებენ. მას შემდეგ, რაც ამერიკული ვირტუალური ბანკის მომხმარებელი გავხდებით, Etsy-ს პლატფორმაზე გადავინაცვლებთ და ვიწყებთ მაღაზიის რეგისტრაციას. მაღაზიისათვის დაგვჭირდება უნიკალური სახელის მოფიქრება, ლოგო-ქავერის შერჩევა და ჩვენი პროდუქციის ამსახველი ფოტოების განთავსება მინიმალური აღწერილობით. თუ ჩვენთვის ინგლისური ენა იმდენად ახლობელი არ არის, შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტი მოვიშველიოთ, რასაც Etsy არ კრძალავს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ Etsy-ს ალგორითმის მიდგომა – ის უპირატესობას ისეთ „ჰენდმეიდერებს“ ანიჭებს, რომლებიც დიდი რაოდენობით პროდუქციას ანთავსებენ, რადგან მათ მასალას უფრო ფართო აუდიტორია ნახავს.

აქვე აღვნიშნავ, რომ Etsy-ს ძალიან კარგი მიდგომა აქვს პლატფორმაზე დარეგისტრირებული პირებისადმი, ის ლოიალურია მათ მიმართ. რეგისტრაციისთვის ერთჯერადად მხოლოდ 15 დოლარის გადახდაა საჭირო, ხოლო შემდგომი გადასახადი გახლავთ მხოლოდ 20 ცენტი – ერთი ნივთის დამატების ღირებულება 4 თვის განმავლობაში. სპეციალური ბმულებით ფასდაკლების მიღების შესაძლებლობაც გვექნება, ეს 20 ცენტიც რომ არ გადავიხადოთ.

– უწესებს თუ არა Etsy რეგისტრირებულ მაღაზიას რაიმე შეზღუდვას პროდუქციის ფასთან დაკავშირებით?

– ამ კუთხით სრული თავისუფლებაა – უცხოელ მომხმარებელს საკუთარ ნაწარმს თქვენთვის სასურველ ფასად შესთავაზებთ, თუმცა რეკომენდებულია, რომ ნივთის საერთო ღირებულებაში გადაზიდვის ღირებულებაც იყოს გათვალისწინებული და ფასის შესახებ ინფორმაცია ასე განთავსდეს პლატფორმაზე.

– როდიდან იქნება შესაძლებელი, რომ Etsy.com საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციისთვის გამოვიყენოთ?

– საქართველო პლატფორმის ქვეყნების ჩამონათვალში უკვე შეყვანილია, თუმცა ის ეტაპობრივად გამოჩნდება მომხმარებლებისთვის, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა. რამდენიმე თვეში სისტემა სრულად გაიმართება და აღნიშნული პლატფორმით სარგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება. აღსანიშნავია, რომ Etsy.com-ზე, შეზღუდვამდე, საქართველოდან ძირითადად ხელნაკეთი ნივთები იყიდებოდა (30 ათასი ერთეული პროდუქტი იყო განთავსებული) და გაყიდვებში რეგიონში წარმატებული მაჩვენებელიც კი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g