ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კალიურანდის შეფასებას და აღნიშნა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება:
„ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და, მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას…
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას მტრები ჰყავს.
ჯერ რას ნიშნავს „ზედაპირულად შესრულებულია“. ჩვენ ვთქვით, რომ ივნისისთვის 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება, პროცესი მიმდინარეობს.
ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ – უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, რამხელა უბედურება ტრიალებს, მაგრამ როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია.
ავიღოთ ნებისმიერი პარამეტრი, ეს ხომ არ არის ჩემ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებია და გავაკეთოთ შედარება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ნახავთ, როგორ არის ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ყველა თვალსაზრისით წინ.
მაშინ, როცა არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, სტატუსი როცა არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული, უნდოდათ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ადამიანები მინდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ, რომ ამ თვალსაზრისით დაპირისპირება და რაღაც რევოლუციები მოახდინონ.
საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესს ატარებს“, – თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება. როგორც სხდომაზე ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა აღნიშნა, „ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“.