LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს კანონის მოქმედება – ლომჯარია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე დასკვნას ასაჯაროებს

110
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ასაჯაროებს მისი მიმართვის საფუძველზე მომზადებულ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ არის მომზადებული.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები.

სამართლებრივი მოსაზრება ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა:

“ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით, ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.

ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა, შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე.

ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის აღსანიშნავია:

◾  აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;

◾  იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება, დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე; ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ.

ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს. საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტს და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ეუთო/ოდირის სამართლებრივი შეფასება  ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს თხოვნით 2022 წლის 2 თებერვალს მიმართა.

magti 5g