ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის სახელით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
მიშელის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში ის საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით ერთიანობა არსებობდეს.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიასთან. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამაში შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“, – აცხადებს მიშელი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება. შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
“კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა” – ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება